ლიბიაში დაკავებული ქართული დროშით მცურავი გემის მეზღვაურებმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, სამშობლოში დაბრუნების წინადადებით მათ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა, მაგრამ მეზღვაურებმა გემის დატოვება არ ისურვეს.„ლიბიაში სიტუაციის დაძაბვამდე ჩვენს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საფუძველზე შევთავაზეთ, რაზეც მათ ნებაყოფლობით უარი თქვეს“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ დაკავებული გემის მეზღვაურების საქართველოში დასაბრუნებლად ხელისუფლება მოლაპარაკებებს კვლავაც მართავს. კერძოდ, მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ჰოლანდიასა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რომელთაც ლიბიიდან თავიანთი მოქალაქეების დაბრუნების რესურსები და შესაძლებლობა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ქართული დროშით მცურავი გემი ლიბიაში დაახლოებით ერთი წლის წინათ დააკავეს. გემთმფლობელი იტალიური კომპანიაა, რომლის დავალიანების გამოც მოხდა გემის დაკავება.