სამართალი
მეწარმეები საკანონმდებლო აქტებს იძულებით შეისწავლიან

mewarmeebi_shecdomaსაქართველოში მომუშავე მეწარმეებს, მოქმედი საკანონმდებლო აქტების არცოდნის შემთხვევაში, მათი იძულებითი წესით შესწავლა მოუწევთ. შესაბამისი ცვლილების შეტანა საგადასახადო კოდექსში იგეგმება.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში მთავარი პრინციპი ურთიერთთანამშრომლობაა და არა ჩასაფრების პოლიტიკა.

“სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, შემოვიტანეთ რამდენიმე ახალი ტიპის სანქცია, როგორიც არის, მაგალითად, გაფრთხილება. როდესაც საგადასახადო სამსახური დარწმუნდება, რომ რეალურად ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული და საქმე არ გვაქვს გადასახადების დამალვასთან ან მისგან თავის არიდებასთან, იგი უფლებამოსილია, გამოიყენოს ალტერნატიული სანქციები და არა ჯარიმა. ეს შეიძლება სწორედ გაფრთხილება იყოს”, — განმარტა გიორგი ხუროშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ტექნიკური შეცდომა მოუვა და, გაფრთხილების მიუხედავად, იმავე შეცდომას კანონის არცოდნის გამო განმეორებით დაუშვებს, მას მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესწავლა იძულების წესით მოუწევს. ამისათვის ახალი მექანიზმი — სპეციალური კურსები ამოქმედდება, სადაც მოქმედ საკანონმდებლო აქტებს შეასწავლიან.

“ის მეწარმეები, რომლებიც შეცდომებს კანონმდებლობის არცოდნის გამო ხშირად უშვებენ, ვალდებულები იქნებიან, ამ კურსებს დაესწრონ”, — აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული მექანიზმი არ შეეხება განზრახ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებს, რომელთა მიზანიც ბიუჯეტისათვის გადასახადების დამალვაა.