საზოგადოება
ქარიზმატული პრეზიდენტის საშიში პოლიტიკა

qarizmaის, რომ საქართველოში ხალხს საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმის ეშინია, ალბათ, ახალი არავისთვისაა და ამაზე საქინფორმის რესპონდენტების რეაქციებიც მოწმობს, როდესაც საქმე სახელისა და გვარის დასახელებაზე მიდგება.

ტელეფონით საუბრისას თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვქონია სიტუაცია, როდესაც თანამოსაუბრე (თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრი) გვეუბნება: „ამაზე ტელეფონით არ მინდა...“

 

ისიც ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა კორპუსს, სლენგს თუ მოვიშველიებთ (რაც ყველაზე კარგად გამოხატავს სათქმელს), „ნასეტკა“ ჰყავს, რომელიც „მეზობლურად“ არკვევს ამა თუ იმ ოჯახის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, ,,ნაციონალების’’ ყურამდე მიდის და ოპოზიციური ან განსხვავებული აზრის შემთხვევაში იმ ოჯახის ერთ–ერთ წევრს სამსახური თუ უკვე აქვს, მისი დატოვება და უმუშევრად დარჩენა უწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია მათ შორის, რაც კი შეიძლება მოხდეს.

ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, თუ რა ხდება ქართულ ციხეში, რადგან თითქმის ყოველ მეორე ოჯახშია ერთი პატიმარი. მაგალითად, ე.წ. გუბერსკის ციხეში, 28–კაციან კამერაში 103-116 პატიმარია, ქსნის ბანაკში კი 300–ის ნაცვლად 2 800 კაცი იჯდა. საინტერესოა, რატომ არის საქართველოში ამდენი პატიმარი? გარკვეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ესეც ოპოზიციურ აზროვნებასა და შიშს უკავშირდება, რადგან სხვებმა დაინახონ, თუ რა მოჰყვება მათ განსხვავებულ აზრს და მათ ხმამაღალ გამოსვლებს, რათა ხალხში შიში ჩამოყალიბდეს და მსგავსი „შეცდომა“ თავად არ დაუშვან.

ამ ქმედებით ხელისუფლება ორ კურდღელს იჭერს ერთდროულად, თან ქართველებს აშინებს და ამასობაში ბიუჯეტიც ივსება. ჯერ საპროცესო გარიგებას გაგიკეთებენ, ანგარიშზე ფულს დაგადებინებენ, შემდეგ პატიმრობას პირობითი სასჯელით შეგიცვლიან და, როგორც კი პირობითი სასჯელის ვადის დამთავრების დრო მოვა, შენი თავისუფლებაც მთავრდება და ასე დაიწყება ეს წრე თავიდან.

ექსპერიმენტის სახით საქინფორმის კორესპონდენტმა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე საუბარი არც ერთმა ახალგაზრდამ არ ისურვა. კითხვას – რამდენად არის შიშის სინდრომი საქართველოში? – უპასუხა მხოლოდ 2 მარტოხელა მოხუცმა.

სანდრო, 18 წლის: „მე არაფრისაც არ მეშინია და რაზე გელაპარაკოთ“?

ნიკა, 25 წლის: „მგონი, იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ ასეთ საკითხებზე ტელეფონით არ ისაუბროთ“.

სოფო, 29 წლის: „შიშით მე პირადად არაფრის მეშინია, თუმცა ტელეფონით დელიკატურ საკითხებზე ნამდვილად არ ვსაუბრობ“.

ეკა, 33 წლის: „ არ მინდა ამ თემაზე საუბარი“!

გურამი, 78 წლის: „შიში როგორ არ არის, დღევანდელ სიტუაციაზე ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, ზუსტად ასე ვიყავით, ვჩურჩულებდით. მე ვხედავ, რა დღეშია ახალგაზრდობა და მეცოდება, რომ შიშში იზრდებიან“.

ჯული, 67 წლის: „რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ წინასწარ, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი. ჩვენი ხელისუფლება საქართველოსთვის „ჩმორების“ გაზრდას უწყობს ხელს“!