საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზებით დაკავდება, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტოლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე.
ქართულ უწყებათაშორის კომისიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი იქნება შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
კომისიაში ასევე შევლენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ფინანსთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
კომისიის ამოცანა იქნება SGS-თან დადებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელება, რუსეთთან შეთანხმების ეფექტიანად შესრულებისთვის ღონისძიებების კოორდინაცია და წინადადებების წარმოდგენა, პრობლემების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
კომისიას უფლება ექნება, სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან აუცილებელი ინფორმაცია მოითხოვოს. ასევე იგი შექმნის სამუშაო ჯგუფებს და მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
კომისიის სხდომა სამ თვეში ერთხელ გაიმართება.