საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის H1N1.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს.
გრიპი ეს არის მსუბუქი დაავადება და ის თითქოს სიკვდილიანობას არ იწვევს, მაგრამб სამწუხაროდ, გრიპით რთულდება ხშირად თანმდევი ქრონიკული დაავადებები. ამ ეტაპზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს, მათ შორის არის H1N1.
გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით 21 ერთეულით შემცირდა. თუ გასულ კვირას ავადობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე იყო 277, ახლა 256-ია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია.
„სამწუხაროდ, ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ თვითმკურნალობას და სამედიცინო დაწესებულებებს გვიან მიმართავენ, ანტივირუსული ინტენსიური მკურნალობა დაგვიანებულია. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
პრეპარატი ტამიფლუ ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის გადადებას, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე კვირაში დააკვირდებიან ავადობის მაჩვენებელს და განათლების სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„დღეს რეკომენდაციის გაცემა რთულია. გასული კვირის მაჩვენებელი იყო შემცირებული. ჩვენ დავაკვირდებით, ამ კვირაში როგორი იქნება კლებადობის მაჩვენებელი, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და იმის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. გუშინ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში კი - 41 წლის ქალი.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გრიპის ვირუსის ფონზე დამძიმდა. ახალგაზრდა მამაკაცი 29 დეკემბრიდან ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ორივე ფილტვის ანთება და მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება გამთენიისას გარდაცვლილ 41 წლის ქალს, პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომებით დაგვიანებით მიაკითხა, ორკვირიანი მკურნალობა კი უშედეგო აღმოჩნდა.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან 24 საათში დამძიმდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ჭარბი წონა, რამაც შემდგომში განაპირობა თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბება. ასევე, დაფიქსირდა გულის უკმარისობის პირველი ხარისხი.
„პაციენტი დაახლოებით 10 დღით ადრე მკურნალობდა სხვა კლინიკაში, სადაც მან მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. ბინაზე მკურნალობა არ გაუგრძელებია და როდესაც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა, იყო უკვე საკმაოდ მძიმე ფორმის პნევმონია. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა H1N1. ლაბორატორიული კვლევებით, რაც ჩვენთან არის ჩატარებული, ეს დიაგნოზი არ არის დადასტურებული. ქრონიკული დაავადებებიდან ჩვენთან დიაგნოსტირებულ იქნა გულის უკმარისობის პირველი ხარისხი და ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე, იყო ჭარბწონიანი“, – განაცხადა წმინდა ლაზარეს კლინიკის მენეჯერმა ნანა კვანტალიანმა.