სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მარკეტის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული .. და 1978 წელს დაბადებული .. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულზე დაზიანება მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.