საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდა. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებსა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.
„შეხვედრის ფარგლებში უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ პარტიაში.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კაჭრეთში გაიმართა სემინარი და საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებსა და პერსონებზე ლაპარაკი არ ყოფილა.