აქტუალური
ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებენ

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეხვედრების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

"შემდეგი კვირიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში. ბევრი ადამიანია შეხვედრების მსურველი. გავმართავთ ასეთ შეხვედრებს, რადგან საკითხი არ ჩაიკეტოს ერთ გუნდში და მისი განხილვა ღია იყოს", - განაცხადა ბესელიამ.

იგი მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას „ყოველგვარი ოფიციალური პროცედურის გარეშე“.

"რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, არ სჭირდება ამას ოფიციალური პროცედურა. შეუძლია რამდენიმე ადამიანს ამის ორგანიზება. ვფიქრობ, მომდევნო კვირაში შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება ჩვენს კოლეგებთან შეხვედრას ყოველგვარი წინასწარი პროცედურის გარეშე. ჩვენ კოლეგებს შევეხმიანებით და შეკრების ორგანიზებას გავაკეთებთ", - განაცხადა ბესელიამ.