საზოგადოება
არ შეიძლება, დავივიწყოთ ენგურის ხიდს იქით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დღეს გაყოფილნი ვართ, მაგრამ ვართ ერთად და უნდა მივულოცოთ ერთმანეთს - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბავშვებს „პრეზიდენტის ნაძვის ხეზე“ ზუგდიდში უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 87 წლის თერთმეტშვილიან ქალბატონთან ერთად მივიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გიგა ოთხოზორიასა და სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნისთვის.

გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ბედნიერებასა და მხიარულ წელს!

მე მარტო არ მოვსულვარ დღეს თქვენთან, მოვედი 87 წლის ქალბატონ მალვა სვირავასთან ერთად, რომელიც 11 შვილის დედა და მრავალი შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებიაა.

დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახების, ბებიებისა და ბაბუების დღეა. ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა ეს ერთობა. მინდა, ყველა ბებიასა და ბაბუას ვუსურვო ძალიან ბედნიერი ახალი წელი.

დღეს ძალიან მხიარული დღეა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, სად ვართ და ამიტომ მოვედი თქვენთან გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად.

დღეს გიგა ოთხოზორია, სიკვდილის შემდეგ, დავაჯილდოვე მედლითსამოქალაქო თავდადებისათვისიმის აღსანიშნად, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები და მათი თავდადება. ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას და ამიტომ მინდა, გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

როცა ზუგდიდში ვართ, არ შეიძლება, დავივიწყოთ ხიდის იქით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. დღეს გაყოფილნი ვართ, მაგრამ ვართ ერთად და უნდა მივულოცოთ ერთმანეთს; უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავერთიანდეთ, როგორ შევრიგდეთ. ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი და საიდან, თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დღევანდელი და ხვალინდელი დღესასწაული.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის პირველი ნაძვის ხის დღესასწაული ტარდება ზუგდიდში და არა თბილისში, რადგან, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდი, საქართველოს რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონების სიძლიერეზე იდგა და დგას საქართველო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზუგდიდიდან დავიწყო რეგიონებში ჩემი გასვლები.

უნდა ვისურვოთ და ვილოცოთ ერთად იმაზე, რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს, იყოს ძლიერი და გაბრწყინებული ისე, როგორც თქვენი და თქვენი ბავშვების დღევანდელი მზერაა.

იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ და იმხიარულეთ“, – თქვა თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილმა.