საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი სამგზავრო მატარებელი „ღორის გრიპის“ საფრთხის გამო დეზინფექციას გაივლის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.
სპეციალურად ამისათვის სამუშაოებში ჩართავენ საექიმო-სანიტარიული სამსახურის თანამშრომლებს. დეზინფექცია მატარებლის მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე - ბაქოში ჩატარდება.
ყოველდღიურად აზერბაიჯანის საზღვარს საქართველოდან მიმავალი რეგულარული სარკინიგზო შემადგენლობა ბაქო-თბილისი-ბაქო კვეთს.
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ვირუს H1N1-სგან 8 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადებული 277 ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ეპიდემია ქვეყანაში არ არის, რადგან ეპიდემიად 100 ათას ადამიანზე 400-500 დაავადებული ადამიანი მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობით საქართველოში აზერბაიჯანი ლიდერობს.