საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართეს.
ტომოსის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა.
შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი 5 იანვარს მოაწერა. უკვე 7 იანვარს ტომოსს კიევში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში გამოფენენ.