საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თვის ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასის 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულ ჯგუფში 5,9 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტები; 5,6 პროცენტით გაიზარდა ფასი ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე; რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 2,8 პროცენტით, თევზეულზე – 2,4 პროცენტით, ასევე ხილსა და ყურძენზე – 1,7 პროცენტით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე 1,6 პროცენტით; ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე – 1,0 პროცენტით.
ფასის 0,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში; ამ ჯგუფში 0,9 პროცენტით გაიაფდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია.
ასევე, გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასის 1,0-პროცენტიანი კლებაა ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე. კლება, ძირითადად 2,3 პროცენტით, ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე გავრცელდა.
ამასთან, 2018 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.