აქტუალური
შემოსავლების სამსახური დასაბეგრ ბაზას ზრდის

sagadasaxado-kodeqsiXXახალი საგადასახადო კოდექსის პუნქტებს არსებული “ეშმაკური” ნიუანსები ბიზნესისთვის თანდათან ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, "რევოლუციური კანონით", საგადასახადო ტვირთი ზოგიერთი კატეგორიის ბიზნესისთვის, შემსუბუქების ნაცვლად, უფრო დამძიმდა. მეწარმეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობენ, ბრუნვის 5%-ით დაბეგრავენ. არადა, მცირე მეწარმეებს დაჰპირდნენ, რომ, შემოსავლების 60%-ის დეკლარირების შემთხვევაში, შეეძლოთ ბრუნვიდან 3% გადაეხადათ. ისინი ამბობენ, რომ შეღავათის ნაცვლად მათ საგადასახადო ტვირთი ეზრდებათ.

საგადასახადო "სიურპრიზი" მიკრობიზნესსაც ელის. შემოსავლების სამსახურს მიკრობიზნესად დარეგისტრირების ასობით მსურველმა მიაკითხა. შესაბამისი სერტიფიკატისთვის მისულთა ნაწილმა ჯერ არ იცის, რომ მათ, შესაძლოა, მიკრობიზნესისთვის დაპირებული შეღავათები ვერ მიიღონ.

ფინანსთა სამინისტრო კოდექსში შესატან ცვლილებას ამზადებს, რომლის თანახმად, მიკრობიზნესის სიაში, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარზე ნაკლებია, ვერ მოხვდებიან მოვაჭრეები, რომლებიც პროდუქციას არ ქმნიან და გადაყიდვით არიან დაკავებული. მათ მცირე ბიზნესის სტატუსი ექნებათ. მცირე ბიზნესი კი იბეგრება. მიკრობიზნესის სტატუსს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებიც შესყიდული საქონლის გადამუშავებასა და მიწოდებას ახორციელებენ, მაგალითად, მკერავები, ფეხსაცმლის ხელოსნები, ხაჭაპურისა და ნამცხვრის მცხობელები, მესაათეები, რომლებიც გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ. გამოდის, რომ მცირე ბიზნესს საგადასახადო ტვირთი გაეზრდება. მას უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდმეწარმის სტატუსით მუშაობის დროს უწევდა. ამით შემოსავლების სამსახური დასაბეგრ ბაზას ზრდის.