საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ სამი კანდიდატი წარადგინა - გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი.
კენჭისყრის დროს გედევან ფოფხაძემ ექვსი ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა - ხუთი, ხოლო რუსლან პოღოსიანმა - ერთი. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ექვსი ხმა არ იყო საკმარისი, რათა გედევან ფოფხაძე პირველივე ტურში არჩეულიყო თანამდებობაზე, ამიტომ შედგა მეორე ტური. მისივე თქმით, მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლებოდა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებდა.
მეორე ტურში კენჭისყრის შედეგად გედევან ფოფხაძემ შვიდი ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა - ერთი ხმა.
ამასთან, ბესელიამ განმარტა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნება ბიუროს და გედევან ფოფხაძეს მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი დროულად დატოვოს, რათა ერთდროულად ორი თანამდებობა არ ჰქონდეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ფრაქცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან კოალიციაში „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.