უცხოეთი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იუნესკო ოფიციალურად დატოვა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იუნესკო ოფიციალურად დატოვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო, თუმცა ორგანიზაციის წესების თანახმად, ოფიციალური გასვლის თარიღად 2018 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული.

ვაშინგტონს მხოლოდ დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი ექნება, თუმცა ორგანიზაციას აღარ დააფინანსებს და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში არჩევის უფლება აღარ ექნება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუნესკო-დან გასვლა ორგანიზაციის საწევრო გადასახადებთან დაკავშირებულ მზარდ დავალიანებებს და ორგანიზაციის შიგნით ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოებას უკავშირდება. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ იუნესკოში რეფორმები უნდა განხორციელდეს.

აშშ-მა იუნესკო 1984 წელსაც დატოვა, თუმცა ორგანიზაციაში 2003 წელს დაბრუნდა.

1tv.ge