უცხოეთი
Reuters - თეთრი სახლი Huawei-სა და ZTE-ს პროდუქციის აკრძალვის საკითხს განიხილავს

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. თეთრი სახლი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების, Huawei-ისა და ZTE-ს პროდუქციის აკრძალვის საკითხს განიხილავს.

თეთრი სახლი განიხილავს დოკუმენტს, რომელის დამტკიცების შემთხვევაშიც, ახალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და ამერიკულ კომპანიებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების Huawei-ისა და ZTE-ს პროდუქციის გამოყენება აეკრძალებათ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Huawei და ZTE ტექნოლოგიური ქსელებისა და დანადგარების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიებია და აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკის ბაზრიდან მათი განდევნის მცდელობა ადრეც ჰქონდა. თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ ეს ორი კომპანია ჩინეთის მთავრობის განკარგულებებს ემორჩილება და მათ კუთვნილ აპარატურას პეკინი შესაძლოა, მოსმენის მიზნით იყენებს.

გასულ აგვისტოში თავდაცვის მარეგულირებელ ერთ-ერთ კანონპროექტში ჩაიწერა პარაგრაფი, რომელიც აშშ-ის მთავრობას Huawei-სა და ZTE-ს პროდუქციის გამოყენებას უკრძალავს. ჩინური მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, რადგან მათი განმარტებით, კანონპროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის.
Reuters-ის სამი ანონიმური წყაროს მიხედვით, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების პროდუქციის აკრძალვის განკარგულებას თეთრი სახლი უკვე რვა თვეა განიხილავს და ის დიდი ალბათობით, 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდება. დოკუმენტი დირექტივას მისცემს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს, რომ აშშ-ში მოქმედ კომპანიებს იმ უცხოური ტელეკომუნიკაციის პროდუქციის შეძენა აუკრძალოს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას რისკებს უქმნის.

წყაროს ვარაუდით, დოკუმენტში არ იქნება მითითებული უშუალოდ Huawei-სა და ZTE-ს აკრძალვა, მაგრამ ამის განმარტებას უკვე კომერციის დეპარტამენტი მოახდენს, რომელიც პირდაპირ დაასახლებს ორ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს. პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დასაშვებია ამოქმედდეს „საერთაშორისო ეკონომიკური უფლებამოსილების საგანგებო აქტი“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ჩაერიოს ვაჭრობის რეგულირებაში მაშინ, როცა აშშ-ის უსაფრთხოება გარკვეული რისკების წინაშე დგას.

Reuters-ის ინფორმაციაზე კომენტარს არც თეთრი სახლი და არც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები აკეთებენ.
ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხი ამ ეტაპზე აშშ-ში გააქტიურებულია, რადგან ამერიკული უკაბელო კომუნიკაციების ბიზნესი მეხუთე თაობის ქსელების განვითარების მიზნით, პარტნიორებს ეძებს.

1tv.ge