საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალის რეჟიმის მეთაურმა ანატოლი ბიბილოვმა შობა-ახალი წელი ნაურუსა და ტუვალუს ლიდერებს მიულოცა.
„მინდა, რომ ახალი წელი ტუვალუელებისთვის წარმატებისა და წინსვლის წელი იყოს და მხოლოდ ბედნიერი და სასიხარულო მოვლენებით იყოს გამორჩეული. მჯერა, რომ ახალ წელს ჩვენს ხალხებს შორის პარტნიორობა დინამიკურად განვითარდება“, – ნათქვამია ბიბილოვის მიერ ტუვალუს პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილ წერილში.
ანალოგიური წერილი ბიბილოვმა ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვალასაც გაუგზავნა.
„ჩვენ ახალ წელს ოჯახის წრეში და მეგობრებთან ერთად ვხვდებით. ვისურვებდი, ძველი წელი მხოლოდ კარგი საქმეებით დაგვამახსოვრდეს, ხოლო ყველა დაბრკოლება უკან მოვიტოვოთ“, – წერს ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი.
ბიბილოვმა ახალი წელი ასევე მიულოცა ვენესუელისა და ნიკარაგუას ლიდერებს, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებს.