საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან და ლიეტუვასთან

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა მომავალ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წლიური შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჩვენ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების კუთხით საქმიანობა უკვე დაწყებული გვაქვს. ამის ნათელი ნიმუში საფრანგეთი გახლავთ. ლეგალური დასაქმების კუთხით ორმხრივი შეთანხმება საფრანგეთთან 2013 წელს გავაფორმეთ. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. შემდეგ ჯერი საფრანგეთის პარლამენტზე იყო. საფრანგეთში ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაიწელა. ამ შეთანხმების რატიფიცირება საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა და რამდენიმე დღის წინ დოკუმენტს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა მოაწერა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია გერმანიასთან, ასევე პოლონეთთან და საპილოტე პროგრამები უკვე განხორციელებულია.

ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან და ლიეტუვასთან. დღეს იმ დროის დასახელება გამიჭირდება, რა პერიოდშიც მათთან შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ. სხვა უწყებებთან ერთად, ყველანაირად ვეცდებით, რომ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების კუთხით მომავალი წლისთვის ხელშესახები შედეგები დავდოთ. ევროკავშირის ქვეყნების გარდა საქართველოს ლეგალურად დასაქმების კუთხით ისრაელთანაც ვმუშაობთ. ინფორმაცია მალე გვექნება და შეგატყობინებთ. მარტივი საქმე არ არის. ჩვენზე რაც დამოკიდებულია, ის ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ველოდებით, რომ ისრაელის მხარეც ამ მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს. ისრაელთან ბოლოს საკონსულო მოლაპარაკებები ჩავატარეთ და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ლეგალური დასაქმებაც იყო. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგები ამ მიმართულებითაც გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.