სამართალი
ეკა ბესელია: ჩემი გადადგომით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა!

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზები განმარტა.

ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, პარლამენტმა და კომიტეტმა უნდა იმუშაონ იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს.

ამასთან, ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული.

უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ჩემი შვილისა და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მისი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა.

ამასთან, ეკა ბესელიამ განმარტა, რატომ არ გააკეთა გადადგომაზე განცხადება წინა დღეს და აღნიშნა, რომ ის მისი უკვე ყოფილი მოადგილის - ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ელოდებოდა.

რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ბესელიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ღირსეულ კანდიდატურას დაამტკიცებს.

ვიტოვებ იმედს, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ კანდიდატის თაობაზე, რომელიც დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.