პოლიტიკა
გადამწიფებული აუცილებლობა: საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ - რეფორმები დაიწყო

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში საიდუმლო არავისთვის არის, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე ძირითად საყვედურებს სასამართლოების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მუდმივი ხარვეზების გამო იღებდა. მართლმსაჯულება საქართველოში მოიკოჭლებდა ამ პოლიტიზებული სფეროს არადამაკმაყოფილებელი მენეჯმენტით გამოწვეული არეულ-დარეულობის და უამრავი სამართლებრივი კაზუსის გამო, რაც მოქალაქეთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.

როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული რეფორმები, მათ შორის - სასამართლო სისტემაში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.

ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა და უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს. ამასთან, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს შორის საჯარო დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რის წინააღმდეგაც ეკა ბესელია გამოვიდა.

პროტესტის ნიშნად ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა სხდომა დატოვეს.