სამართალი
სუს-ის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყებაა წარმოდგენილი.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში გააჩნია მართვისა და კოორდინაციის ფუნქციები, შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციას.

სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.