უცხოეთი
დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხზე დემოკრატებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის აშენებასთან დაკავშირებით დემოკრატებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, მთავრობის მუშაობა მანამ იქნება შეჩერებული, სანამ ოპონენტები კედლის აშენებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.

„არ შემიძლია გითხრათ, როდის განახლდება მუშაობა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არ მოხდება მანამ, სანამ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესაძლებლობა არ მოგვეცემა“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და კრიმინალი ქვეყანაში სწორედ მექსიკის საზღვრის საშუალებით ვრცელდება. ამიტომ პრეზიდენტი ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რაც მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბიუჯეტი მიიღო, თუმცა სენატში მყოფი დემოკრატები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. კანონის თანახმად კი ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ კანონს მხარი ზედა პალატის 60-მა წევრმა მაინც უნდა დაუჭიროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებიც სენატში უმრავლესობაში არიან, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დემოკრატების გარკვეულმა ნაწილმაც უნდა დაუჭიროს.

ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით შექმნილი გართულების გამო რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ დროებით მუშაობა შეაჩერა.

1tv.ge