საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ. - ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ე.კ. და 1995 წელს დაბადებული ა.მ. კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს. ზ.ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას ზ.ტ-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან გასროლით 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად სამართალდამცველებმა 1 პირი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.