საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწყებს საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ფორმირებას, როგორც მან ადრე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. დიმიტრი გაბუნია დაინიშნა საპარლამენტო მდივნად.
ამჯერად სახელმწიფოს მეთაურმა წარადგინა 6 მრჩეველი და 1 სტაჟიორი - ქართველი ემიგრანტი. „როგორც დაგპირდით, წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება, მრჩეველთა გუნდს. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში, სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის“, - განაცხადა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ქეთევან მახარაშვილი დანიშნა, პარალელურად მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია. დროებით მახარაშვილი ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს. სიმონ პეტრედისი იქნება მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში. დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი ნათია სულავა იქნება. სამხედრო საკითხებში მრჩეველი იქნება ალექსი ბარბაქაძე, ირინა შენგელია - საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი, კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.
რაც შეეხება ქართველი ემიგრანტების შთამომავალს, ის არის პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, დაიბადა ემიგრაციაში, ქართულ-ფრანგულ ოჯახში, აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში თავისი ნებით ჩამოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით, ის ადმინისტრაციაში ჯერ სტაჟიორი იქნება, შემდეგ კი მისი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.