აქტუალური
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები დაასახელა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ მსჯელობა გაიმართა.

საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

კენჭისყრში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს, ნაზი ჯანეზაშვილს და ირმა გელაშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, საბჭო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა.

დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც ახალმა კონსტიტუციამ მოგვანიჭა, პირველ რიგში გულისხმობს პასუხისმგებლობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ. უზენაეს სასამართლოში 11 წევრი არის დარჩენილი. იყვნენ მოსამართლეები, ვისაც ვადა გაუვიდათ, თუმცა შევსება დიდი ხანია, არ მომხდარა. საქართველოს ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებსა და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან მოსამართლეები საერთო სასამართლოების პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ეს არის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. მოსამართლეებს გვქონდა კონსულტაციები და მივედით შეჯერებულ პოზიციამდე, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში მაინც ჩვენზე უნდა იყოს. ვფიქრობ, ბევრად სწორი იქნება მოქმედებით და საქმით დავადასტუროთ ის, რისი გაკეთებაც გვსურს, ვიდრე ბრალდებული ვიყო ამ პროცესის გაწელვასა და უმოქმედობაში, რითაც, შესაძლოა, უზენაესი სასამართლო და მართლმსაჯულების ინტერესების დაზიანებაში“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კანდიდატების დასახელების ვადის გადაწევას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი შეფასებით, საბჭოს ეს სხდომა სასამართლოში კლანური მმართველობის შენარჩუნების მცდელობაა.