სამართალი
„არავითარ სამართალდარღვევას “ვია თრეველის” მიმართ ადგილი არ აქვს!“

via-4საქინფორმის ექსპერტი იურიდიულ საკითხებში, პროფესორი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლე გია მეფარიშვილი: „საინფორმაციო–ანალიტიკურ სააგენტო “საქინფორმსა’’ და ტურისტულ სააგენტო “ვია თრეველს” შორის არსებული უთანხმოების ამსახველი მასალების განხილვისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს სამწუხარო გაუგებრობას. ჩემის აზრით, არავითარ სამართალდარღვევას “ვია თრეველის” მიმართ ადგილი არ აქვს. მაგრამ, თუ “ვია თრეველი” გადაწყვეტს საკუთარი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს, ეს მისი უფლებაა.

მე, როგორც იურისტი, თავს ნებას მივცემ, რამდენიმე სამართლებრივი ხასიათის დაზუსტება შემოვიტანო არსებულ სამწუხარო გაუგებრობაში, რასთან გაცნობამაც შეიძლება გარკვეული პოზიტიური როლი ითამაშოს დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასწორად გამოქვეყნებისთვის, თუ ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

სამართლებრივი კატეგორია “პატივის” ცნების ქვეშ ნაგულისხმევია პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური-საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ.

“ღირსების” ქვეშ იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე მისი ვალის მოხდის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება თავად პიროვნების მიერ. როგორც პატივი, ისე ღირსება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამება. “საქმიანი რეპუტაციის” ქვეშ ნაგულისხმევია საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, რასაც ემყარება საზოგადოების დამოკიდებულება მოცემული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის ნორმები პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის შესახებ თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.

რა იგულისხმა კანონმდებელმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქვეშ? აღნიშნული სამართლებრივი კატეგორიები შეფასებითი ხასიათისაა, მაგრამ იურიდიულ მეცნიერებას და სასამართლო პრაქტიკას გამომუშავებული აქვს გარკვეული სტანდარტები, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული თითოეული მათგანი. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ცნობების გავრცელების ქვეშ იგულისხმება ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავს მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. პირი, ვის შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მისი პიროვნების პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გამოქვეყნდა, უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით გამოაქვეყნოს თავისი პასუხი, თუ რედაქციამ გამაწბილებელი პუბლიკაციის პასუხი არ გამოაქვეყნა, პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

1950 წლის 4 ნოემბრის “ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” (საქართველო შეერთებულია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს, გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, მაგრამ სწორედ აღნიშნული მუხლის შესაბამისად საზოგადოებას გააჩნია უფლება, მიიღოს ინფორმაცია.

ჟურნალისტს შეუძლია, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია (იხ.: ევროსასამართლოს 1999 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება “Bladet Troms and stensaas v. Norwey’’–ის საქმეზე). ამავე დროს, ევროსასამართლოს საქმიანობაში დომინირებს კურსი, რომლის მიხედვით მიუღებლად არის გამოცხადებული ფაქტების გადაუმოწმებლად მოხმობა, მაშინ, როდესაც შეფასებით მსჯელობათა ჭეშმარიტება არ ექვემდებარება მტკიცებას. ჟურნალისტს უფლება აქვს, შეფასებითი ხასიათის მსჯელობით გამოხატოს თავისი აზრი მაშინაც კი, თუ მისი ჭეშმარიტების დამტკიცება არ შეუძლია (იხ.: ევროსასამართლოს 1999 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება dalban v. Romania–ს საქმეზე). ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისმება მაშინაც, თუ სტატიაში გამოხატული მოსაზრებები, სადაო და პოლემიკური ხასიათის მიუხედავად, აშკარაა, რომ იგი შეადგენს პოლიტიკური მოვლენების ირგვლივ გამართულ დისკუსიებს და არ წარმოადგენს თავდასხმას კონკრეტულ პიროვნებაზე. ასეთია ევროსასამართლოს პრაქტიკა.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონის “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სადავო სტატიის სათაურს: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები ეგვიპტიდან არ გამოჰყავს, ქართული ტურისტული კომპანიები დღესაც კი ფულის სანაცვლოდ დამატებით ოთხმოც მოქალაქეს უშვებს” (ხაზგასმა ჩემია - გ. მ.). თვითონ სტატიის სათაურში “ვია თრეველი” ნახსენები არ არის, მაგრამ ის ნახსენებია სტატიაში, როგორც ერთ-ერთი ტურისტული კომპანია, მასზე უშუალოდ არაფერია ნათქვამი. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტა სასამართლოს მეშვეობით პერსპექტიულად არ მეჩვენება“.