საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს გავრცელებულია ვირუსის H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა. თუ მანამდე იყო ძირითადად გრიპის მსგავსი ვირუსები, დღეს ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსის H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი დინამიკა, მიმართვიანობა პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში. სამწუხაროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევაა და ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გრიპის სეზონის დროს მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი. ანუ, იწყება თუ არა გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა ბავშვისთვის გამოიძახონ თავისი უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია და იმოქმედონ ექიმის დანიშნულებით.
ასევე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები და მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგანაც ამ შტამისადმი განსაკუთრებთ მოწყვლადები არიან ორსული ქალბატონები. ნებისმიერ ორსულს, ეწყება თუ არა სიმპტომები მაღალი ტემპერატურის და გრიპის, აუცილებელია კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და მეან-გინეკოლოგთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.