პუბლიკაციები
თავისუფალი რადიკალი №1

nino_da_mishaთავისუფალი რადიკალები – ატომები ან ქიმიურად შეკავშირებული ატომთა ჯგუფებია, რომელთაც  თავისუფალი ვალენტობა გააჩნია და  მაღალ ქიმიურ რეაქციულ უნარს განსაზღვრავს. თავისუფალი რადიკალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში. რატომ გამახსენდა ეს ახლა და რატომ ჩავიხედე სამედიცინო ენციკლოპედიურ განმარტებით ლექსიკონში ე.წ. რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე წერილების სერიის მომზადებამდე? შევეცდები ამ და მომავალ პუბლიკაციებში ავხსნა, თუ რატომ ვუწოდებ მათ თავისუფალ რადიკალებს. ამჯერად კი ნინო ბურჯანაძის პორტრეტის შტრიხებს შემოგთავაზებთ პოლიტიკურ ინტერიერში.
გასაგებია, რომ ქალბატონი ბურჯანაძე უჩვეულო რადიკალიზმით გამოირჩევა ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე.“წარმომადგენლობითი სახალხო კრების” წევრებიც მისი პატრონაჟით “მნიშვნელოვან როლს ასრულებენ(საქართველოს. - ბ.მ.) ორგანიზმის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში”. მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი ფაქტორი ამ ქალბატონის თავისუფალ რადიკალად გამოსაცხადებლად.

თუმცა, რატომაც არა, მისი პოლიტიკური გზა (ვთქვა - მოღვაწეობა? კარგი, იყოს მოღვაწეობა!) ხან ისე მოსაწყენად სწორხაზოვანია, ხან კი შემაშფოთებლად ზიგზაგისებური, უთუოდ იმსახურებს ყურადღებას.
ნინო ბურჯანაძეს კი ჰგონია, რომ განსაკუთრებული მისიით მოევლინა საქართველოს, მაგრამ ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ისიც ისეთივე “თავისუფალი რადიკალია” ქართულ პოლიტიკაში, როგორც ბევრი სხვა.
თუმცა, განგების ძალით თუ ბედის ირონიით, მას სხვებთან შედარებით მართლაც გაუმართლა - ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორი მოწვევის პარლამენტს თავმჯდომარეობდა. თუ ფიქრობთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ძალიან ცდებით - ჯერ ერთი, რომ ეს მისი ბეგრაუნდია და მეორეც: “იშტოიანა ტოჟე ვიდელა” პირადად შეხვედრია “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”. 
ახლა კი ბურჯანაძე დარჩა ბეგრაუნდის ამარა და “ვაჰ, დრონი, დრონი ნაგემნი მტკბარად, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარა...” მაგრამ აქაც არ დაჩაგრა განგებამ - “აქვს საქონელი ურიცხვი...” ზოგი მემკვიდრეობით მიიღო პრაგმატიზმით გამორჩეული ანზორ ბურჯანაძის მხო­ლოდშობილმა ასულმა და ზოგიც საკუთარი თუ მეუღლის “თავდაუზოგავი” შრომით მოინაგრა.
მაგრამ ეს “საქონელი ურიცხვი” სულაც არ ყოფილა “ვერვისგან ანაწონები” - აუწონ-დაუთვალ-გაუზომეს და “წვალებით ნაშოვნი” მემკვიდრეობა მაშინვე საფრთხის წინაშე დადგა, როგორც კი ნინო ბურჯანაძე ჩვეულებრივი ოპოზიციონერი გახდა.
უწინ მისი ახლანდე­ლი თანამებრძოლი (“სახალხო კრებაში”) თემურ შაშიაშვილი კაკალ-კაკალ უთვლიდა და პრესაში გულდათუთქული  სულ წვრილად აქვეყნებდა ქუთაისში ბურჯანაძეების მიერ მინგრეულ-მონგრეულ და ჯართად გაყიდული ქარხნების ამბებს (განსაკუთრებით ქუთაისის საავიაციო-ტექნიკურ ქარხანაზე წუხდა მაშინდელი გუბერნატორი) და ზღაპრულად გამდიდრების უწესო გზებზე მიუთითებდა. ახლა ნინოს რაზმელი თემური კი გაჩუმდა, მაგრამ ამ საქმეებს სხვაგან და სხვა მიზნით მოუყარეს თავი. ლევან ბერძენიშვილის თქმის არ იყოს, “ბურჯანაძეთა ოჯახში ნივთი არ არის, ხაზინიდან მოპარული ფულით რომ არ იყოს შეძენილი. ანზორ ბურჯანაძე და მისი შვილი თუ სიძე ერთმანეთს ეშურებოდნენ, ვინ მეტს მოიპარავდა ბიუჯეტიდან” და, როგორ ფიქრობთ, ასეთ მსუყე ლუკმას რისთვის გამოიყენებს ფულს დახარბებული “ნაცხელისუფლება”? რასაკვირველია, ნინო ბურჯანაძისთვის ანკესის გამოსადებად.

სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემ კარგად იცის, რაზე წამსვლელები არიან “ნაცები” - ერთხელ უკვე გამოსცადა გაკულაკების დამამცირებელი ხიბლი. გახსოვთ ხომ მრავალმილიონიანი აგარაკის ამბავი? “სირცხვილი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძემ იმ აგარაკს ხელი მოჰკიდა და 1 ლარად მიიღო იმოდენა ქონება,” - თემურ შაშიაშვილის ეს შეფასება (“კვირის ქრონიკა”, 23-29 ნოემბერი, 2009) დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი ქართველის პოზიციისგან; ჩამოართვეს და გულიც არავის დასწყვეტია ბურჯანაძეების ოჯახის გარდა. თვითონ ქალბატონი ნინო ბოლომდე (როგორ ვთქვა და - უსირცხვილოდ)  იბრძოდა აგარაკის შესანარჩუნებლად და აცხადებდა კიდეც, ორჯერ ვიყავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე და, რა მოხდა, ერთი აგარაკი არ მეკუთვნისო? ეკუთვნოდა, როგორ არ ეკუთვნოდა... მაგრამ რატომ მაინცდამაინც ასე ძვირადღირებული და, რაც მთავარია, რის სანაცვლოდ? ასევე საკითხავია, აგარაკი იყო ბურჯანაძე-სააკაშვილის პირველი “ჩეინჯი”? არ იყო და ესეც კარგად იცის საზოგადოებამ. 
პირველი (?) “ჩეინჯიც” გავიხსენოთ:
ალბათ, გახსოვთ, 2004 წელს როგორ გაუკეთეს კონსტიტუციას “აბორტი” და როგორ გაუზარდა ბურჯანაძის პარლამენტმა პრეზიდენტ სააკაშვილს უფლებამოსილება. მაშინ ამ პროცესს ნინო ბურჯანაძე “ბებიაქალობდა” და მუდმივად ცდილობდა ხალხის დარწმუნებას, რომ ეს იყო ქვეყნის ერთადერთი ხსნა. მერე რა, თუ დემოკრატია უჭირისუფლოდ დაიმარხა, სამაგიეროდ, მექელეხეები (უკაცრავად ნათქვამია და) კარგად “გამოძღნენ”. ერთ-ერთი იყო ნინო ბურჯანაძეც. პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ “არ აუსრულა, რასაც დაჰპირდა” ბურჯანაძეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ერთი წლის შემდეგ კი ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში მიიცვალა და, ვერ ვიტყვი, გაიხარა-მეთქი, მაგრამ ამით (ვაჰ, რა ძნელი სათქმელია სიმართლე!) ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ნინო ბურჯანაძემ იხეირა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ნოღაიდელის საწინააღმდეგო, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა, მანამდე მისმა პარლამენტმა (ორჯერ!) დაამტკიცა ფინანსთა მინისტრად, მაგრამ ბურჯანაძემ სააკაშვილს ირიბად შეახსენა დანაპირები. ღიად კი ნოღაიდელის სიხისტეზე ალაპარაკდა, თითქოს მანამდე ლერწამივით მოქნილი იყო. ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს და, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მისი ხელმძღვანელობით გამართულ  (და ბურჯანაძის მოთხოვნით დახურულ) მთავრობის პირველსავე სხდომაზე? დიახ, მთავრობის დახურულ სხდომაზე უიმედო სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხი განიხილეს და ბურჯანაძეს “აუსრულეს, რასაც დაჰპირდნენ” - პრემიერ-მინისტრის 2005 წლის 24 თებერვლით დათარიღებული საქართველოს მთავრობის №23 განკარგულებით, მამამისს 11 მილიონი უფეშქაშეს, რომელიც ბურჯანაძეების ოჯახში “დამოკლეს მახვილივით” ეკიდა.
მთლიანობაში კი ანზორ ბურჯანაძის პურპროდუქტების საწარმოს 15 მილიონ 847 ათას 214 ლარი ჩამოაწერეს. ეს ის მილიონებია, რომელთა მოხვეჭას საქართველოს ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობა შეეწირა ბაღლინჯოიანი პურით გამოკვების გამო.
რას იზამდა ამის შემდეგ ხარბ გარემოცვაში გაზრდილი ნინო ბურჯანაძე? მართალია, იდგა (არა, რა იდგა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა!) და ურტყამდა “ნოტარიუსის” ბეჭედს “ნაცხელისუფლების” ყველა ხუშტურს - წავიდა საკანონმდებლო ცვლილებები რახა-რუხით... შიგადაშიგ პოლიტიკური განცხადებებითაც “აპრავებდა”. 
როცა 2007 წლის 7 ნოემბრის ბარბაროსობით განრისხებული ამომრჩევლები სააკაშვილისთვის “წესის აგებას” პირდაპირ საარჩევნო ურნებთან აპირებდნენ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბურჯანაძე მისი “ნდობით აღჭურვილი პირი” გახდა.
ახლა კი აცხადებს, “სააკაშვილი ძალიან თვალთმაქცობდაო”, მაგრამ მაშინ ძალისხმევას არ იშურებდა თვალთმაქცის კვლავაც გასაპრეზიდენტებლად და ქვეყნის “დემოკრატიულად განსავითარებლად”. 
ამ არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა ძალაუფლება მიიტაცა. მისმა ხელისუფლებამ დემოკრატიული განვითარების ნაცვლად ქვეყნის მონარეკლება განარძო. 2008 წლის იანვარში კი, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, როდესაც “ტყეს ცეცხლი ეკიდა და ტურები ქორწილს ეშურებოდნენ”, მეორე ვადით არჩეულ სააკაშვილს გუნდრუკიც უკმია.
ბურჯანაძემ სიმართლე იცოდა, მაგრამ დამალა - პრეზიდენტობის მეორე კანდიდატთან გამართულ ფარულ ვაჭრობაში სწორედ ის ასრულებდა აქტიურ როლს
(ამას ახლა არც მალავს!). მას აღარ გახსენებია საკუთარი პასუხისმგებლობა. მაგრამ, როცა შეახსენეს, ღაწვებიც არ შეფაკვლია, ისე დაგვამუნათა, “ელემენტარული პოლიტიკური ცოდნის” არქონის გამო:

“ორი წლის წინაც იდგა უსამართლო სასამართლოს პრობლემა, ქონების ჩამორთმევის, ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების პრობლემა, მაგრამ ეს არ იყო იმდენად ღრმად წასული, როგორც დღეს. მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე ამ ტიპის განცხადებები არ კეთდება. ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო, რომ ადამიანებმა სწორი დასკვნა გააკეთონ. არ შეიძლება ადამიანი ერთნაირად ლაპარაკობდე მაშინ, როცა ხარ პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის უმაღლესი ხელისუ­ფალი და როცა ხარ ოპოზიციაში”.
აბა, როგორ უნდა ლაპარაკობდეს ადამიანი? როცა ხელისუფლებაში ხარ სიმართლის თქმა და სამართლიანობა არ მოგეთხოვება? მაგრამ ეს ბურჯანაძისთვის უცხო ხილია. მისთვის სამართლიანობა ერთ ლარად დახურდავდა. ხოლო რით არის გაჟღენთილი მისი სიმართლის გზის მანათობელი ლამპარი, ამის მიხვედრა თქვენც არ გაგიჭირდებათ. ამ ლოგიკით გამოდის, რომ ბურჯანაძე მაშინაც მართალი იყო და ახლაც მართალია. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი სააკაშვილიც მართალია, როცა ხალხს “აბოლებს”... ეს რაღაც სიახლეა “ელემენტარულ პოლიტიკაში”!
მოდი და ნუ გაიზიარებ საქინფორმის კორესპონდენტის გაოცებას: “როგორი “სიტყვაძუნწი” უნდა იყო, რომ 5 წელიწად-ნახევრის განმავლობაში (2003 წლის ნოემბრიდან – 2008 წლის ივნისამდე) ხელისუფლების ყველა განზრახვის შესახებ იცოდე, გესმოდეს მათი დამღუპვე­ლობა სახელმწიფოსთვის, მაგრამ საჯაროდ არც ერთხელ კრინტი არ დაძრა?!”
რატომ ჩუმდებოდა ბურჯანაძე მაშინ, როცა სიმართლის თქმა ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ნიშნავდა? უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი საკუთარი ოჯახისა და ქონების მძევალი გახდა.
ამიტომაც დაბნეულია “თავისუფალი რადიკალი” ბურჯანაძე. კი ჩაერთო (და აქტიურადაც!) პოლიტიკური ველის მოსუფთავებაში მოულოდნელად (?) მოსალოდნელი ვადამდელი არჩევნების წინ, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ მსუყე ლუკმას არგუნებენ. მისთვის მთლად ავტორიტეტი არ არის პარლამენტის ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ერთ დროს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, კაბინეტის უფროსადაც მუშაობდა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ “მაჭავარიანი არ არის გამოუცდელი და უტვინო კაცი”. ამ შემთხვევაში დაეჯერება, რადგან“ნაცელიტამ” სწორედ მაჭავარიანს დააკისრა საგანგებო მისია - ბურჯანაძეს შეახსენოს, რომ დასაკარგი კიდევ ბევრი აქვს და, აგარაკის ამბები რა სათვალავში ჩასაგდებია, ისეთებს ამოუქექავენ მამისა თუ ქმრის საქმიანობიდან, მარგალიტების “დალომბარდება” დასჭირდება. თანაც მაჭავარიანს უფრო შეუძლია (“შპარგალკაც” არ სჭირდება მასთან სასაუბროდ - სულ ზეპირად იცის ამ ლეგენდარული ოჯახის ავლადიდება) ბურჯანაძის დარწმუნება, აქტიურად ამოუდგეს მხარში ერთ დროს მშობლიურ პარტიას და პირადად სააკაშვილს, თორემ - “ნინო, ხო იცი, რა გიჟია, თუ მოეპრიანა, ყველაფერზე წამსვლელია”.
ბურჯანაძემ იცის, რომ “უნდა ეცადო, მტერი მოყვარედ აქციო”. “ნაციონალების” თამაშის წესებსაც კარგად იცნობს. ვერ ვიტყვი, ძალიან შეშინდა-მეთქი, მაგრამ ფაქტია, იგი ამ თამაშში ძალიან აქტიურობს და ცდილობს, შემოიკრიბოს ის ელექტორატი, რომელიც ხელისუფლებისთვის “ნეგატიურ ხმად” განიხილება. ამით სააკაშვილის ხელისუფლების გულსაც მოიგებს და ორმაგ სარგებელსაც ნახავს - ნაშოვნი ქონებაც ხელშეუხებელი დარჩება და, ლომის თუ არა, ტურის არჩივსაც გამორჩება. ამისთვის კი უღირს ყველაფერზე წასვლა. ოღონდ კი ისევ იქ, დაკარგულ “სამოთხეში”, დაბრუნდეს, სადაც ოპოზიციისგან განსხვავებულად ლაპარაკი შეეძლება და, რას არ იზამს.
წერილი თავისუფალ რადიკალებზე საუბრით დავიწყე და ამითვე დავამთავრებ: ისინი არამდგრადი, ძალზე აქტიური მოლეკულებია, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების დროს. როდესაც თავისუფალი რადიკალი ურთიერთქმედებს სტაბილურ მოლეკულასთან, ის გარდაქმნის  მდგრად მოლეკულებს თავისუფალ რადიკალებად, იწყება ჯაჭვური რეაქცია, რის შედეგადაც წარმოიქმნება მეტი თავისუფალი რადიკალი. სწორედ ეს ხდება უჯრედის დაზიანებისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზი.
ასეა ახლა ქართულ პოლიტიკაშიც: “თავისუფალი რადიკალები” (ბურჯანაძე და კიდევ რამდენიმე ლიდერი)ურთიერთქმედებენ “სტაბილურ მოლეკულებთან” (ინტელიგენცია, აქტივისტები) და ესენიც  გარდაიქმნებიან რადიკალებად. შემდეგ კი იწყება ჯაჭვური რეაქცია.
ერთი ეგ არის, ამ “გარდაქმნილებს” წარმოდგენაც არ აქვთ, რა დაემართათ და რამხელა ზიანს აყენებენ საქართველოს სხეულის უჯრედებს, რომელსაც კიბოს მეტასტაზებივით მოედნენ და საშინელ სტრესში ამყოფებენ.

 

 

ბონდო მძინარაშვილი

http://geworld.net/politics/1190.html