საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი ჟვანიას კანდიდატურას დაუჭირა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს.
ცესკოს თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით აირჩევა, რისთვისაც კომისიის საერთო შემადგენლობის (11 ადამიანი) 2/3–ის თანხმობაა აუცილებელი. შემდგომ ჟვანიას კანდიდატურა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი წარადგინა. ჟვანიას გარდა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ასევე დასახელებული იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე.
თამარ ჟვანია აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლის სექტემბრიდან იკავებდა. საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე იგი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მენეჯერი იყო, სადაც შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. მან თავისი წვლილი შეიტანა საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში.
ჟვანია ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ხელმძღვანელი. 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის უფროსი მენეჯერი. ჟვანია უშუალოდ მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში,
თამარ ჟვანიამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სადოქტორო სერტიფიკატი სოციოლოგიაში. არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) სტიპენდიატი დემოკრატიისა და განვითარების პროგრამაში (აშშ, სტენფორდის უნივერსიტეტი).