სამართალი
რისთვის უნდა მოვუბოდიშოთ “ვია-თრეველს” – მისი დირექტორის მოუცლელობისთვის თუ, რომ ეგონა, “საქინფორმი მკვდარი იყო” და ცოცხალი ყოფილა?

via-1საქართველოში უფლებები და მოვალეობები იმდენად აღრეულია და სახელისუფლო ელიტას შერწყმული ბიზნესი იმდენად თავდაჯერებულია, რომ ვერ გაიგებ, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე.

შემდგომი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად ახლავე ვაცხადებთ, რომ ეს შესავალი მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული ადრესატი არ ყავს. თუკი ვინმე საკუთარ თავსა თუ ბიზნესს იგულისხმებს, მხოლოდ მისი პრობლემაა და არა საქინფორმის. მხოლოდ ზოგადი ტენდენცია აღვნიშნეთ.

ახლა კი უფრო კონკრეტულად:

31 იანვარს საქინფორმმა საიტზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები ეგვიპტიდან არ გამოჰყავს, ქართული ტურისტული კომპანიები დღესაც კი, ფულის სანაცვლოდ, სასაკლაოზე დამატებით 80 მოქალაქეს უშვებენ!“

ამ ინფორმაციას აქვე გთავაზობთ და ამდენად მის სრულად გამეორებას არ ვაპირებთ. თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მხოლოდ მოკლე შინაარსი გაგაცნოთ. კერძოდ, ინფორმაციაში საუბარია ეგვიპტის მიმართულებით დანიშნულ ავიარეისზე, რომელსაც თბილისიდან 80 მგზავრი უნდა გადაეყვანა ალმოდებულ ქვეყანაში. იმ დროისთვის ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და საქინფორმის ამ ფაქტით დაინტერესება სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან ბევრ ქვეყანას არამხოლოდ ტურისტები გაჰყავდა ამ სახელმწიფოდან, არამედ დიპლომატიური მისიებიც კი გახიზნეს. ეგვიპტიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მზადყოფნა გამოთქვა ავიაკომპანია “აირზენამ”.

ვფიქრობთ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ სააგენტოს და ჟურნალისტის მხრიდან ამ ვითარებაში გარკვევის ინტერესი სრულიად ბუნებრივი იყო.

საქინფორმის კორესპონდენტი ასეც მოიქცა და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ანუ იმის საკითხავად, მიმართა თუ არა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის თხოვნით და მართლა მიდიოდნენ თუ არა ქართველი ტურისტები ასეთ war-ტურში, საქინფორმის კორესპონდენტი ავიაკომპანია “აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს – ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

ქალბატონმა ნინომ დაადასტურა, რომ ჯერჯერობით დამატებითი რეისი არ დანიშნულა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კომპანიას შესაბამისი თხოვნა არ მიუღია. დღეს, 23:30 საათზე, ეგვიპტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში 80 ტურისტი გაემგზავრება, სამშობლოში კი ის ადამიანები დაბრუნდებიან, რომლებსაც ტურისტული ვიზა დაუმთავრდათ’’.

როგორც ხედავთ, “აირზენას” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ “დღეს (ანუ იმ დღეს, როცა კორესპონდენტი დაუკავშირდა - 2011 წლის 31 იანვარს. – საქინფორმი), 23:30 საათზე, ეგვიპტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში 80 ტურისტი გაემგზავრება’’. 

მკითხველი, ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმება, რომ სრულიად ბუნებრივად დავინტერესდით, ვინ, რომელი ტუროპერატორები აგზავნიდნენ ტურისტებს ეგვიპტეში ასეთ სიტუაციაში და რა გარანტიებს აძლევდნენ, რომ იქ მათი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა.

ვიმეორებთ: ჩვენი ინტერესი ბუნებრივი იყო და არა მარტო ჟურნალისტს, – ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა ეს შეკითხვა.

ქალბატონმა ნინომ საქინფორმის კორესპონდენტს მისცა ტურისტული კომპანია “ვია-თრეველის” ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ რა გარანტიებს აძლევდნენ ამ რისკიანებს, იქ მათი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა თუ არა, მათთან გადაემოწმებინა.

ამის შემდეგ კორესპონდენტი დაუკავშირდა “ვია-თრეველს” და, რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, მის ხელმძღვანელთან – ნინო ნამგალაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე “ვია-თრეველის” საიფორმაციო სამსახურს რამდენიმეჯერ დაურეკა და აცნობა, თუ რა საკითხზე აინტერესებდა დირექტორის კომენტარი.

და როგორ ფიქრობთ, რა უპასუხეს? ნაცვლად იმისა, რომ დირექტორს სულ ერთი წუთით (30 წამიც საკმარისი იქნებოდა) აეღო ყურმილი და ჟურნალისტისთვის ეთქვა, აგზავნიდა თუ არა ტურისტებს ეგვიპტეში, კორესპონდენტმა პასუხად მოისმინა, რომ დირექტორს არ სცალია და ჯერ ვერ დაგელაპარაკებათ. თუ თქვენი ინფორმაცია საჩქაროა, მაშინ ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“.

მას შემდეგ, რაც ეს პასუხი მოისმინეთ (იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, აგზავნიდნენ თუ არა ტურისტებს ალმოდებულ ეგვიპტეში), გულახდილად თქვით, რომელი სააგენტოს ჟურნალისტი დაელოდებოდა, როდის მოიცლიდა დირექტორი სულ რაღაც ორი სიტყვის სათქმელად – ვაგზავნით ან “არ ვაგზავნით?!

აქ დირექტორის მოცლილობა-დაკავებულობაზე არ არის საუბარი, ლაპარაკია “ვია-თრეველის” დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ: თუ თქვენი ინფორმაცია საჩქაროა, მაშინ ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“.

ანუ ან მაშინ დაწერეთ, როცა ჩვენი დირექტორი მოიცლის, ანდა “ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“.

“ვია-თრეველში”, ალბათ, არ იციან, რომ ოპერატიული ინფორმაციის გავრცელება (სააგენტო კი ოპერატიულად ავრცელებს ინფორმაციას) იმაზე არ არის დამოკიდებული, მავანი დირექტორი კომენტარის მისაცემად მოიცლის თუ ვერა.

მოკლედ, საკითხის არსი ასეთია: საიფორმაციო ხასიათის მასალა საქინფორმის საიტზე გამოქვეყნდა.

ახლა კი იმის შესახებ, როდის და რა ფორმით მოიცალა “ვია-თრეველის” დირექტორმა ნინო ნამგალაძემ საქინფორმისთვის.

ზემოხსენებული ინფორმაცია საქინფორმის საიტზე გამოქვეყნდა 31 იანვარს, 15.35 საათზე.

იმ დღეს დირექტორს, ალბათ, არ ეცალა და ვერ გაეცნო საქინფორმის ინფორმაციას. მაგრამ, როცა მოიცალა, აი, მაშინ კი ძალიან მოცლილი აღმოჩნდა – არც შეურაცხყოფა დაუშურებია და არც მუქარა: მეგონა, საქინფორმი მკვდარი იყო, რა უფლება გქონდათ! სად მეცალა საქინფორმისთვის, მთელი დღე ტელევიზიები მყავდა! ვინ არის თქვენი რედაქტორი?! გადაეცით, რომ პირადად მოვალ! თქვენ გამო დიდი პრობლემები შემექმნა და ახლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს!“

ახლა უკვე გავიგეთ, რატომ არ ეცალა ქალბატონ დირექტორს. თურმე მთელი დღე ტელევიზიები ჰყავდა! და იმ ტელევიზიებს რა ანტერესებდათ, რა გვინდაო? გასაგებია, რაც აინტერესებდათ! მაშინ ეს ყველას აინტერესებდა, ისევე, როგორც საქინფორმს. მაგრამ საქინფორმს როგორ დააინტერესებდა, ქალბატონ დირექტორს ხომ ეგონა, რომ “საქინფორმი მკვდარი იყო”? არადა, ამ “მკვდარი საქინფორმიდან” ჟურნალისტი რამდენიმეჯერ რეკავს “ვია-თრეველში” და კომენტარს სთხოვს იმ საკითხზე, რისთვისაც ამ ტურისტული სააგენტოს დირექტორს მთელი დღე ტელევიზიები ჰყავდა!

ალბათ, ძალიან ეშინია ქალბატონ ნინოს მკვდრების! არც არის გასაკვირი, არიან ადამიანები, რომლებსაც მკვდრების ეშინიათ, და არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ პრობლემების. მაგალითად, ქალბატონი ნინო, როგორც ჩანს, ჭირის დღესავით უფრთხის პრობლემებს, ჩვენ გამო კი “დიდი პრობლემები” შეექმნა! იქვე მუქარასაც არ იშურებს საქინფორმის მიმართ: “ახლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს!“.

ერთი პირობა რედაქციაში პირადად მოსვლაც დააპირა. მოცლაც ამას ჰქვია - ჯერ ორი სიტყვის სათქმელად ვერ მოიცალა, “მკვდარი რომ ეგონა” იმ საქინფორმის ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფად და მერე პერსონალურად სტუმრობითაც დაიმუქრა! თუმცა რედაქციაში არ გამოჩენილა...

არა, ქალბატონო ნინო, პრობლემები ჩვენ გამო კი არ შეგექმნათ, ეგ პრობლემები, თუ შეგექმნათ, ისევ საკუთარ თავს დააბრალეთ! თუ გნებავთ, თქვენს საინფორმაციო სამსახურს გადააბრალეთ - მათ ჩვენი კორესპონდენტი რამდენიმეჯერ დაუკავშირდა კომენტარისთვის, მაგრამ თქვენ თურმე მთელი დღე ტელევიზიები გყავდათ!

როგორც ხედავთ, ჩვენ რომ გვგონია, ყოველთვის ისე არ არის საქმე - საინფომაციო სააგენტო მკვდარი რომ გგონია, შესაძლოა, ისეთი ცოცხალი აღმოჩნდეს, მშვიდი ძილიც კი დაგიფრთხოს!

მაგრამ, როცა ფიქრობ, რომ არც ისეთი მკვდარი ყოფილხარ, როგორც ქალბატონ ნინოს ეგონა, გონს მოსვლასაც არ გაცლიან: მორიგი სატელეფონო ზარით აგვიხსნეს, რომ საქინფორმი არც ისეთი ცოცხალი ყოფილა, რომ ვინმესთვის პრობლემები შეექმნა. ეს კი უკვე ამავე “ვია-თრეველის” დირექტორის მოადგილემ პიარის საკითხებში, შოთა მაჭავარიანმა გვაცნობა ასევე სატელეფონო საუბრისას. მისი თქმით, ჩვენს პუბლიკაციას არავითარი პრობლემები არ შეუქმნია მათი ბიზნესსაქმიანობისთვის. და იქვე მოითხოვა საქინფორმის საიტიდან ზემოხსენებული ინფორმაციის მოხსნა და საქინფორმის ჟურნალისტის წერილობითი ბოდიშის გამოქვეყნება.

ახლა უკვე, როგორც იტყვიან, ოპაა!

ჯერ კარგად გაგვარკვიეთ, რა გინდათ დირექტორს და მოადგილეს, აგვიხსენით, საქინფორმის პუბლიკაციამ შეგიქმნათ თუ არა პრობლემები, თანაც, დირექტორის თქმით, “დიდი პრობლემები” და მერე მოითხოვეთ, თუ რამე გეკუთვნით.

ამასთან, საქინფორმის ჟურნალისტმა ბოდიში რისთვის უნდა მოგიხადოთ: იმისთვის, რომ რამდენიმეჯერ დაგირეკათ და დირექტორს არ ეცალა, რადგან მთელი დღე ტელევიზიები ჰყავდა სწორედ იმ საკითხზე სასაუბროდ, რისთვისაც ეს ჟურნალისტი გირეკავდათ?

მაინც დავიმოწმოთ ბატონი შოთა და მოვიხმოთ ციტატა მისი რჩევა-დარიგებიდან: ჩვენ კერძო კომპანია ვართ და ვალდებული არ ვართ, ჟურნალისტებს კომენტარები მივცეთ, ხოლო თქვენი სააგენტო ვალდებულია, გამოქვეყნებამდე ინფორმაცია გადაამოწმოს! თუ გადამოწმება არ შეგიძლიათ, მაშინ ნურც დაბეჭდავთ!“.

აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ბატონო შოთა!

თქვენ ვალდებული არ ხართ ჟურნალისტებს კომენტარები მისცეთ!

ჩვენი სააგენტო ვალდებულია, გამოქვეყნებამდე ინფორმაცია გადაამოწმოს!

რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა გადამოწმება, აქ უკვე ბატონი შოთას, ალბათ, არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე, თორემ ძნელი დასაჯერებელია, ადამიანი, რომელიც წინათ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტად მუშაობდა (ბატონმა შოთამ საქინფორმის დამოძღვრამდე ასე გვითხრა), საქმის კურსში იყოს და ასეთ შენიშვნას იძლეოდეს. მაგრამ რა გაეწყობა, შენიშვნა გამოთქმულია და ასეთ შემთხვევაში საკუთარი სიმართლე როგორ უნდა დავამტკიცოთ?

უნდა ვთხოვოთ ბატონ შოთას და მკითხველსაც, ერთად გავერკვეთ, დაარღვია თუ არა საქინფორმის ჟურნალისტმა ჟურნალისტიკის ოქროს წესი, ანუ გამოქვეყნებამდე გადაამოწმა თუ არა ინფორმაცია.

ყველაფერს ვერ გავიმეორებთ, რაც ზემოთ უკვე ვთქვით. ამიტომ მოკლედ მივყვეთ ქრონოლოგიას. მაშ ასე:

საქინფორმი იღებს ინფორმაციას, რომ 31 იანვარს ალმოდებულ ეგვიპტეში საქართველოდან ტურისტები მიდიან;

საქინფორმი უკავშირდება ავიაკომპანიააირზენასწარმომადგენელს, რომელიც ადასტურებს, რომ 31 იანვარს ალმოდებულ ეგვიპტეში საქართველოდან ტურისტები მიდიან;

საქინფორმი ინტერესდება, რომელ ტუროპერატორებს მიჰყავთ ტურისტები ეგვიტეში. “აირზენასწარმომადგენელი ჟურნალისტს აძლევსვია-თრეველისკოორდინატებს;

საქინფორმი უკავშირდებავია-თრეველს”, უკავშირდება რამდენიმეჯერ და აცნობებს, თუ რის თაობაზე აინტერესებს სააგენტოს ხელმძღვანელის ან ნებიმიერი უფლებამოსილი პირის კომენტარი;

საქინფორმი ბოლოსვია-თრეველიდანიღებს პასუხს: „დირექტორს არ სცალია და ჯერ ვერ დაგელაპარაკებათ. თუ თქვენი ინფორმაცია საჩქაროა, მაშინ ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“.

საქინფორმი არ ითვალისწინებსვია-თრეველისსაინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნას და ინფორმაციას აქვეყნებს.

ახლა მითხარით, რომელ ეტაპზეა დარღვეული ჟურნალისტური სტანდარტი?

ვიმეორებთ: საქინფორმი რამდენიმეჯერ დაუკავშირდა “ვია-თრეველს” სწორედ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მაგრამ დირექტორმა ვერ მოიცალა ორი სიტყვის სათქმელად. თანაც, როგორც ბატონი შოთა აცხადებს, ჩვენ კერძო კომპანია ვართ და ვალდებული არ ვართ, ჟურნალისტებს კომენტარები მივცეთ”. სად და ვისთან უნდა გადაემოწმებინა საქინფორმის კორესპონდენტს, აგზავნიდა თუ არა “ვია-თრეველი” ტურისტებს ეგვიპტეში, თუ არა “ვია-თრეველში”?

რაღაც გაუგებრობა გამოდის – ამათ არ სცალიათ კომენტარისთვის და, უფრო მეტიც, ვალდებულიც არ არიან კომენტარი მისცენ ჟურნალისტებს!

მაშ, რა ვქნათ ჟურნალისტებმა?

უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია!

ეს არის ჟურნალისტიკის ოქროს წესი, ბატონო შოთა!

ჩვენი ვალია, მოგმართოთ კომენტარისთვის და გადავამოწმოთ, ხოლო თქვენი ნებაა, მოიცალოთ და გვიპასუხოთ ან არ გვიპასუხოთ. და თუ ვერ მოიცლით ან არ გვიპასუხებთ, ამ შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება თქვენი კომენტარის გარეშე!

ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა იცის, რომ საქინფორმს არც ერთ ეტაპზე ეს სტანდარტი არ დაურღვევია; ასევე, ალბათ, იცის, ბატონმა შოთა მაჭავარიანმაც. შესაძლოა, არ იცოდეს ქალბატონმა ნინო ნამგალაძემ, რადგან მას არ უთქვამს, რომ ოდესმე უმუშავია მედიაში.

ბატონო შოთა, მოკრძალებით შევნიშნავთ, რომ თქვენი რჩევა – “თუ გადამოწმება არ შეგიძლიათ, მაშინ ნურც დაბეჭდავთ!” – საქინფორმს არ ეკუთვნის!

ახლა რა გამოდის: საქინფორმისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ იმისთვის, რაც მას არ დაუშავებია. მაგრამ ითხოვენ და არამხოლოდ ითხოვენ, არამედ მოითხოვენ მთელი კატეგორიულობით!

ამ კატეგორიულობამ კი მას შემდეგ მიიღო წერილობითი სახე, რაც ამ სატელეფონო ზარებს მოჰყვა საქინფორმის მორიგი პუბლიკაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, ვიმედოვნებთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, თავს დაანებებენ არაფრისმომცემი და პროვოკაციული სატელეფონო ზარების განხორციელებას ჩვენს რედაქციაში (რაც არ შეჰფერის არც ერთ, სერიოზული კომპანიის სახელის პრეტენზიის მქონე, ორგანიზაციას) და შეძლებენ ერთი ელემენტარული წერილის დაწერას, მტკიცებულებების თანხლებით, იმის შესახებ, რომ სრულებით არაფერი აკავშირებთ 2011 წლის 31 იანვარს ეგვიპტეში განხორციელებულ ტურთან”.

ამ წერილს, როგორც დოკუმენტს აქვე ვაქვეყნებთ. ამიტომ მის სრულ ციტირებას აღარ მოვახდენთ, მხოლოდ ორიოდ კომენტარით შემოვიფარგლებით.

იმ პუბლიკაციაში მართლაც არის ნახსენები “ვია-თრეველი”, მაგრამ არსად წერია, რომ “ვია-თრეველმა” ეგვიპტეში დაძაბულობის დროს 80 ტურისტი გაამგზავრა”. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. იმ პუბლიკაციაში წერია, რომ ის 80 მოქალაქე, რომლებიც ამაღამ ეგვიპტეში მიფრინავენ, სწორედ ამ კომპანიის კლიენტია. განსხვავება თვალნათელია.

ამასთან, უპირველესად, სწორედ ტურისტული კომპანიის ინტერესებში უნდა ყოფილიყო იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ იმ რეისზევია-თრეველისარც ერთი მგზავრი არ ყოფილა”. ყველა კომპანია, რომელიც საკუთარ იმიჯს უფრთხილდება, მით უფრო ასეთ ვითარებაში, სწორედ ასე იქცევა – წინასწარ აკეთებს საჯარო განცხადებას, რათა კლიენტების ნდობა რა დაკარგოს. თქვენ კი, ქალბატონო ნინო, ჟურნალისტის არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად, ერთხელაც ვერ მოიცალეთ სულ ორი სიტყვის სათქმელად – “არ ვაგზავნით”! ეს მხოლოდ სატელეფონო პასუხი იქნებოდა და ამ ორი სიტყვის წარმოთქმისას, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან განსხვავებით, სარკისკენაც არ გაგექცეოდათ თვალი...

საქინფორმს კი დეზინფორმაცია არ გაუვრცელებია, უბრალოდ, მას შემდეგ, რაც თქვენ წარმოთქვამდით ორად-ორ სიტყვას არ ვაგზავნით”, ინფორმაცია უფრო სრულყოფილი იქნებოდა.

რაც შეეხება გამოქვეყნებული ინფორმაციის დანარჩენ ნაწილს, როდესაც აცხადებთ, რომ პუბლიკაციაში მოხსენიებული არც ერთი წინადადება არ შეესაბამება სინამდვილეს”, უნებლიეთ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას უდგებით ადვოკატად (რაც ნამდვილად არ არის თქვენი “პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის” საქმე). ეს კი იმიტომ გავიფიქრეთ, რომ ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა დაგვიდასტურა: ალმოდებული ეგვიპტიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანადჯერჯერობით დამატებითი რეისი არ დანიშნულა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კომპანიას შესაბამისი თხოვნა არ მიუღია”.

ეს და სხვა წინადადებებიც თქვენს ტურისტულ კომპანიას არ ეხებოდა და თქვენ არ შეიძლება იცოდეთ, “არ შეესაბამება სინამდვილეს” თუ სინამდვილეს შეესაბამება.

და ბოლოს: აცხადებთ, რომ აღნიშნელი პუბლიკაციის გამოქვეყნებით კომპანიავია-თრეველსშეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაციადა მოითხოვთორი დღის ვადაში მოხსნათ პუბლიკაცია ვებგვერდიდან და მის ნაცვლად განაავსოთ აღნიშნული დეზინფორმაციის უარმყოფელი პუბლიკაცია ჩვენი კომპანის წინაშე ბოდიშის მოხდის შინაარსით”. თუ ისე არ მოვიქცევით, სასამართლოთი გვემუქრებით.

ჩვენ რჩევას როგორ შემოგბედავდით, ასეთი “პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის” ტურისტულ კომპანიას, მაგრამ რაკი თქვენი მხრიდან რჩევები არ დაიშურეთ და თავიც გვამართლებინეთ, ნება გვიბოძეთ, ორიოდ რჩევა მაინც მოგცეთ:

ამგვარი წერილით (განმარტებითი შინაარსი აჯობებდა, რომ თქვენ არავინ გაგიგზავნიათ ეგვიპტეში) მაშინ უნდა მოგემართათ, როცა მოიცალეთ და თქვენ და თქვენმა მოადგილემ შეურაცხყოფა და ჭკუის სწავლება დაგვიწყეთ. თქვენი კომენტარიც გამოქვეყნდებოდა და პრობლემაც ამოიწურებოდა. თქვენ კი, თქვენი მოუცლელობით შექმნილი პრობლემის სხვანაირად - სატელეფონო მუქარით მოგვარება სცადეთ და, როცა შედეგი ვერ მიიღეთ, მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ ცივილიზებული ფორმისთვის მიგემართათ.

თუკი მედიასთან ასეთი ფორმით ურთიერთობას გადაწყვეტთ, ჭკვიან ხალხს მაინც დაეკითხეთ და ისინი გირჩევენ, რომ მედიასთან ურთიერთობის ამგვარი ფორმით გარკვევა, რბილად რომ ვთქვათ, თქვენს ტურისტულ კომპანიას მაინცდამაინც ვერ შემატებსპატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას”.

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, თუკი თქვენს შელახულ “პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას” სალბუნად დაედება, ბოდიშსაც მოგიხდით, მაგრამ იქნებ, გაგვარკვიოთ, რისთვის უნდა მოვიბოდიშოთ: თქვენი მოუცლელობისთვის თუ, რომ გეგონათ, “საქინფორმი მკვდარი იყო” და ცოცხალი ყოფილა?

საქინფორმი

25 თებერვალი, 2011 წელი

 

 

№ 11/010 23 თებერვალი 2011 წელი

საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ხელმძღვანელს

ბ-ნ არნო ხიირბეგიშვილს

ბატონო არნო,

თქვენი საინფორმაციო სააგენტოს მიერ, კერძოდ, თქვენს ვებ-გვერდზე 2011 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქლაქეები ეგვიპტიდან არ გამოჰყავს, ქართული ტურისტული კომპანიები დღესაც კი, ფულის სანაცვლოდ, სასაკლაოზე დამატებით 80 მოქალაქეს უშვებენ!“ პუბლიკაციაში სტატიის ავტორის მიერ ნახსენები იყო ტურისტული სააგენტო „ვია თრეველი“, რომელმაც, ჟურნალისტის თქმით, ეგვიპტეში დაძაბულობის დროს 80 ტურისტი გაამგზავრა.

თქვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში არის სრული დეზინფორმაცია. იმ რეისზე, რომელზეც საუბრობს თქვენი კორესპონდენტი „ვია თრეველის“ არც ერთი მგზავრი არ ყოფილა.

იმის გარდა, რომ თქვენს სტატიაში ირონიულ და ნეგატიურ კონტექსტში არის მოხსენიებული ტურისტული სააგენტო „ვია თრეველი“, პუბლიკაციაში მოხსენიებული არც ერთი წინადადება არ შეესაბამება სინამდვილეს. აპელირება იმ ფაქტზე, რომ ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელობამ არ გააკეთა თქვენთან კომენტარი, არ გაძლევთ დეზინფორმაციის გავრცელბეის უფლებას.

აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნებით კომპანია „ვია თრეველს“ შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (მუხლი 18), მოვითხოვთ, არა უგვიანეს ორი დღის ვადაში მოხსნათ პუბლიკაცია ვებ-გვერდიდან და მის სანაცვლოდ განათავსოთ აღნიშნული დეზინფორმაციის უარმყოფელი პუბლიკაცია ჩვენი კომპანიის წინაშე ბოდიშის მოხდის შინაარსით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მივმართავთ სასამართლოს.

წერილს თან ერთვის სტატიის ეკრანული ამონაბეჭდი.

პატივისცემით,

ნინო ნამგალაძე

დირექტორი