უცხოეთი
მოსკოვში ამბობენ, რომ მეტისის გადადგომა სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას უკავშირდება

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის გადადგომა სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას უკავშირდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"უნდა ვნახოთ, თუ როგორ განხორციელდება დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება. ამ მომენტისთვის ამ გადაწყვეტილების უშუალო შედეგი ის არის, რომ თავის თანამდებობას თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ტოვებს“, - განაცხადა მიხეილ ბოგდანოვმა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ჯეიმს მეტისი პოსტს თებერვალში დატოვებს. თეთრი სახლის ლიდერმა მიზეზებიც განმარტა და დასძინა, რომ მასსა და მეტისს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე უთანხმოებაა. მან "თავდაცვის მდივნის პოსტზე 2 წელი იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მეტისსა და ტრამპს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე მედია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა. გავრცელებული ცნობით, თავდაცვის მდივანი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის პოლიტიკას ავღანეთში და სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის წინააღმდეგიც იყო.

imedinews.ge