პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სალომე - „რამკიანი“ პრეზიდენტი

 საქართველო - რუსეთი, საქართველო - ნატო და ევროკავშირი, თბილისი - სოხუმი და ცხინვალი: რას უნდა მოველოდეთ ამ მიმართულებებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დროს? (საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინტერვიუდან რადიო SPUTNIK-ს და სააგენტო NEWS FRONT-ს).

საქართველო - რუსეთი

     დასავლეთის წამყვანი მედიასაშუალებებისათვის ზურაბიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუებისა და ანტირუსული მესიჯების „მორიგე პაკეტის“ - „რუსეთი ოკუპანტია, თანაც ისტორიული, რომელთან ურთიერთობის აღდგენის დრო ახლა არ არის, ვიდრე ის საქციელს არ გამოასწორებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ გაიწვევს თავის სამხედრო ბაზებთან ერთად“ - შემცველი მისი საინაუგუარაციო სიტყვის გათვალისწინებით, აქ გაუმჯობესებას არ უნდა მოველოდეთ.

     საქმე ის არის, რომ ზურაბიშვილს მთელი თავისი მომავალი პრეზიდენტობის 6 წლისათვის წინასწარ დაეხმარნენ, კარგად აეთვისებინა გაკვეთილი - როცა კინაღამ წააგო საპრეზიდენტო კამპანია მის დაწყებამდე, როდესაც წამოსცდა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი სააკაშვილმა, ანუ - საქართველომ დაიწყო. და თუმცა ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, „ქართველი ჟანა დ’არკი“, მგონი, თავისუფალ „იმპროვიზაციებს“ აღარ დაუშვებს, „წითელ ხაზს“ არ გადაკვეთს.

     თუმცა, ზურაბიშვილის ბრალეულობით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებასაც არ უნდა მოველოდეთ - ის ხომ დორბლებს არ გადმოყრის და ანტირუსული ისტერიის კონვულსიებში არ ჩავარდება სააკაშვილის მსგავსად. ანტირუსული რიტორიკა, რა თქმა უნდა, დარჩება, როგორც დღევანდელი ქართული პოლიტიკური „ეტიკეტის“ ნაწილი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილს გამბედაობა ეყო, განეცხადებინა, რომ საუკეთესო პროფესიონალი, რომელთან შეხვედრაც მას მოუხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ლავროვი იყო!

     ა. წ. 17 დეკემბერს „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ლავროვის ინტერვიუს გათვალისწინებით, რომელშიც მან საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერი სანქცია გამორიცხა, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ლუგარის ლაბორატორიის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის შედარებითი სტაბილურობის პერიოდი დადგება - „არც მეგობრები და არც მტრები“. წერტილი! ახალი საპრეზიდენტო რეზიდენციის (საქართველოში აშშ-ის ყოფილი საელჩოს) სახურავზე მაღლა ახტომას ზურაბიშვილი არ აპირებს, რადგან, თავისი ყაიდით ის „რამკიანი“ პრეზიდენტია და არა საჯარო მოღვაწე, ის არის დიპლომატი, რომელიც მიჩვეულია საქმეების მოგვარებას პირისპირ, დაკეტილ კარს მიღმა და კულუარებში. თანაც, რეფორმირებული კონსტიტუციის მიხედვით, დღევანდელი პრეზიდენტი უფრო საგარეო საქმეთა სუპერმინისტრია, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის მიერ შემუშავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ხანია, კონსტიტუციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაწვრილებით არის გაწერილი, როგორც უალტერანტივო მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისაკენ, „იმპროვიზაციის ნიჭი“ ზურაბიშვილს არც გამოადგება.

თბილისი - სოხუმი - ცხინვალი

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, არც ამ მიმართულებით უნდა მოველოდეთ ძვრებს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. მთავარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი 6 წლის შემდეგ ისევე არ წავიდეს, როგორც პრეზიდენტი მარგველაშვილი წავიდა - სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვში თუნდაც ერთხელ დარეკვის გარეშე! დასანანი იქნება, თუ ახლად არჩეულ პრეზიდენტს გამოეპარა მესიჯი თავისი ყოფილი კოლეგის ზემოთ ნახსენები ინტერვიუდან: „ვაღიაროთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, მაგრამ მთელი უკრაინა დავკარგოთ?! მე წინააღმდეგი ვარ!“ - უპასუხა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდას“ „ფიცხ“ ჟურნალისტს დარია ასლამოვას, და აუხსნა განსხვავება უკრაინასა და ხელისუფლების სათავეში მოსულ პოროშენკოს რეჟიმს შორის. „ვაღიაროთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მთელი საქართველო დავკარგოთ დროებით მოსული სააკაშვილის რეჟიმის გულისთვის?!“ - ალბათ, ასე იტყოდა ლავროვი რეტროსპექტივაში, 10 წლის წინ რუსეთს მსგავს სიტუაციებში მოქცევის გამოცდილება და ალგორითმი რომ ჰქონოდა. მაგრამ რაკი ეს ერთმნიშვნელოვნად მეგობრული მიდგომა არსებობს დღეს, როცა რუსეთი კატეგორიულად უარს ამბობს საქართველოზე ზეწოლის ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო ბერკეტებზე, ოფიციალურ თბილისს მომენტის არ გამოყენება არ ეპატიება...

საქართველო - ევროკავშირი და ნატო

     ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლების შვილი, ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის საფრანგეთში ნატოს მუდმივი მისიის პირველი მდივანი, ამ ვითარებაში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში! არა მგონია ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ „მეტი საქართველო ევროკავშირში“ და „მეტი ნატო საქართველოში“ უდავოდ იქნება. მაგალითად, დაჩქარდება შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დასაქმების უკვე დაწყებული პროცესი, ხოლო საქართველოში გაგრძელდება ნატოს წვრთნები და სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება ნატოს და აშშ-ის ერთობლივ სასწავლო ცენტრებში. თუმცა, როგორც სამართლიანად აღნიშნა ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, ეს, ალბათ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან სამხედრო კონფლიქტით არ გვემუქრება. ისევ ლავროვის სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, რომელმაც ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში აღნიშნა ვაშინგტონის დღევანდელი ადმინისტრაციის „აზროვნების უტილიტარულობა“, მათი „ბიზნესმენტალიტეტი“, რომელიც „შიშვლად ვლინდება ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში“, ეს, უფრო, მოახლოებული არჩევნების წინ პოლიტიკური დივიდენდების რაც შეიძლება სწრაფად დაგროვების სურვილით აიხსნება („არაშორსმჭვრეტელური მიდგომა, რომელიც ძირს უთხრის გრძელვადიან ინტერესებს“ - ლავროვი). .

     თუმცა, ნატო საქართველოში არ გახლავთ მხოლოდ ბიზნესი ამ სიტყვის პოლიტიკური და, თუ გნებავთ, კლასიკური გაგებით. არის სხვა მიზეზიც, რომელიც „რია ნოვოსტის“ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აუწყა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგების მიხედვით. „საქართველო კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის სახიფათო სტრატეგიული რკალის რგოლად გადაიქცა“, - განაცხადა კარასინმა ა. წ. 12 დეკემბერს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 23 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

P.S. ორი თვის წინ, 2018 წლის 23 ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, ავტორი პუბლიკაციისა „დეფრაგმენტაცია, როგორც რუსეთ-საქართველოს გაჭედილი ურთიერთობის გადატვირთვის მეთოდი“ უკვე მიაპყრობდა საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების მთელ სპექტრში ახალი შესაძლებლობების გამოჩენაზე და მომავალ პრეზიდენტს არსებული პრობლემების რეალურად გადაწყვეტისადმი საკუთარ მიდგომას სთავაზობდა.