საზოგადოება
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან გაორმაგდა - კარლ ჰარცელი

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ყველა მხარის ინტერესშია, რომ ვიზალიბერალიზაციის ისტორიული შეთანხმება სათანადოდ ფუნქციონირებდეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაა შეფასებული.

ერთი მხრივ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო შარშანდელ რეკომენდაციას ასრულებს. ასევე, საქართველოს მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებიც მოდის. მეორე მხრივ კი ვხედავთ პრობლემებს. ეს ეხება თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვს. 2018 წლის პირველ ნახევარში განაცხადების რაოდენობა, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. ამ განაცხადების უმრავლესობა უსაფუძვლოა. ამ პრობლემას მივყავართ უკანონო მიგრაციასთან და ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს პრობლემა ყველას სერიოზულად აწუხებს. ყველა მხარის ინტერესებშია, რომ ვიზალიბერალიზაციის ისტორიულმა შეთანხმებამ სათანადოდ ფუნქციონირება განაგრძოს. ამისთვის კი მუშაობაა აუცილებელი, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.