საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
სხდომის დაწყებისას დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, სასამართლოსთან ითანამშრომლოს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, დილიდან გურჯაანში სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პარლამენტის 27 დეპუტატი მზადყოფნას გამოთქვამდა, დავით კირკიტაძეს თავდებში ჩადგომოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.