რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19.12.2018)

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა.

მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია.

იგი ცხოვრობდა IV საუკუნეში. საერთოდ IV საუკუნე მდიდარია თავისი სულიერი მამებით. I და II მსოფლიო კრება შედგა IV საუკუნეში; სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი („მრწამს ერთი ღმერთი“) დაიწერა წმინდა მამების მიერ IV საუკუნეში.

წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე და საკვირველთმოქმედი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და იგი არ დახმარებოდეს.

დღეს ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა. ეს, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს.

წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ, დაგლოცოთ.

საოცარი ის არის, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც კი, იმდენად მოწყალეა და თვითონ ტროპარი მისი (ლოცვა) მეტყველებს, რომ წმინდა ნიკოლოზი საოცარი მფარველია გაჭირვებული ადამიანისა.

მის ცხოვრებაში არის ასეთი შემთხვევა: დედ-მამას, ახალგაზრდებს, ჰყავდათ შვილი ახლად დაბადებული და მათ განიზრახეს (ეს უკრაინაში ხდება), რომ წასულიყვნენ დღევანდელ დღეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მათ ნავით უნდა გადაევლოთ მდინარეზე. აი ამ გადასვლისას დედას ხელიდან გაუვარდა შვილი და ჩავარდა წყალში. გარიჟრაჟი იყო, თენდებოდა. თქვვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დედა და მამა. ეძებდნენ პატარას წყალში და ვერ პოულობდნენ, ისინი ბედნიერნი იქნებოდნენ, მკვდარი მაინც რომ ეპოვათ, მაგრამ ვერ იპოვეს. ბავშვი დაიკარგა მდინარეში. სასოწარკვეთილმა მშობლებმა იფიქრეს, შვილი დავკარგეთ და ეკლესიაში მაინც წავიდეთო. წავიდნენ ეკლესიაში და მივიდნენ დილაუთენია. დარაჯი ეუბნებათ: ძალიან ადრე მოხვედით, ჯერ წირვაზე არავინ მოსულა. გააღეს რა ეკლესიის კარები, ბავშვის ტირილი შემოესმათ. შევიდნენ და წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ სველი ტანსაცმლით, სველი პერანგით წევს მათი ბავშვი. წმინდა ნიკოლოზმა გადაარჩინა, საოცარი სასწაული აჩვენა. ასე გადარჩა ეს პატარა. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს.

ვულოცავ ბატონ ზაზას პირველ ზიარებას, აღსარება თქვა და ეზიარა. თქვენ ხომ არაფერს იტყვით?

ზაზა სარალიძე: უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი.

კათოლიკოს-პატრიარქი: იცოცხლეთ.