პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

დონალდ ტრამპი წერილში კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედს გამოთქვამს.

ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.

ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია ტრამპის მილოცვაში.