საზოგადოება
ლუგარის ლაბორატორიაზე განცხადებებით მოსკოვი ცდილობს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, თუნდაც მეზობელი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის ფასად! - აბაშიძე

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრგორი კარასინის განცხადებას პასუხობს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას შეეხება. კარასინმა თქვა, რომ რუსეთი ისევ ელის ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, თუ რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია. აბაშიძის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთი უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსის გამოწვევას ცდილობს. აბაშიძის თქმით, ამ ლაბორატორიაში ე.წ. დახურული თუ საიდუმლო ცდების შესახებ რუსეთის უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული "ფაქტები აბსურდის თეატრის ჟანრსაც კი სცდება".

"ნათელია, რომ მსგავსი განცხადებებით მოსკოვი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში, საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, თუნდაც მეზობელი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის ფასად, რაც ჯერჯერობით მას ნამდვილად არ გამოსდის. ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც ვიმეორებთ - ლუგარის ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას სრული ტრანსფარენტულობის რეჟიმში, ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასათვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისათვის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც აბაშიძემ თქვა, 14-15 ნოემბერს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებკონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსმა სპეციალისტებმა უარი თქვეს.

ოქტომბერში ლუგარის ცენტრს საერთაშორისო ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ეწვია.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყანაში დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.