საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. გვიან ღამით ჭავჭავაძის 16-ში სროლის ხმა ისმოდა. ”კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია დავით კაჭარავა. ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარია.
მანამდე კი პოლიციამ მინდია გოგოჭური დააკავა. უკავშირდება თუ არა გუშინწინდელი ღამის გარჩევა ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარ ორ შეიარაღებულ შეტაკებას, ცნობილი არ არის.
დავით კაჭარავას შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კაჭარავას გარდა დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომლებსაც გამოძიება სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასროლას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება სამ პირს შორის.