საზოგადოება
თბილისში წერეთლის მიერ შექმნილი გრიბოედოვის ძეგლი გაიხსნება

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ცნობილი ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი გამოჩენილი რუსი პოეტისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლის საზეიმო გახსნა გრიბოედოვის თეატრში 2018 წლის 24 დეკემბერს შედგება.

ბრინჯაოს ქანდაკება ტონანახევარს იწონის და 2,1 მეტრი სიმაღლისაა. სახელოვანმა მოქანდაკემ ის გრიბოედოვის თეატრს საჩუქრად გადასცა.

მონუმენტი გრიბოედოვის თეატრის ფოიეში 19:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

ძეგლის გახსნის ცერემონიაზე ელოდებიან ზურაბ წერეთელს ვაჟთან ერთად. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან მეცნიერი ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვები.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება გრიბოედოვის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი ხოლსტომერი. ცხენის ისტორია რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლი მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ლაურეატია.

ზურაბ წერეთელი - ცნობილი ქართველი მხატვარი-მონუმენტალისტი, მოქანდაკე, პედაგოგი, პროფესორი. 1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. წერეთელი ხუთი ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრის ავტორია.