საზოგადოება
საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ლეგალიზაციას ახდენენ

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე და შრომითი მიგრაციის სხვა პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში).

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში)“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად, ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორისაა საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით.

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც მახარობლიშვილი ამბობს, კანონის დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს.

სასიხარულოა, რომ ის პროცესი, რომელიც საფრანგეთთან დიდხანს მიმდინარეობდა წარმატებით დასრულდა. ხელშეკრულება რატიფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის მიერ და სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულებით 150 ახალგაზრდას, სტუდენტს მიეცემა საშუალება, სწავლის დასრულების შემდეგ საფრანგეთში და საქართველოში გარკვეული კვალიფიკაცია აიმაღლოს. ამ პერიოდში მათ ბინადრობის უფლებაც ექნებათ. მუშაობის დასრულების შემდეგ კი საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ. ეს კვოტა ორივე მხარეს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის მოქალაქეებს ეხებათ.

ამის გარდა, იქნება კიდევ 500 კვოტა განსაზღვრული ორივე ქვეყანაზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანებს შეეხებათ. მათაც კვალიფიკაციის ამაღლების და მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს. ამ პროცესში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია დაგვეხმარება“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მისივე განმარტებით, უნდა მოხდეს კონკრეტული სპეციალობების, პროფესიების იდენტიფიცირება, რომელი მიმართულებითაც არის მოთხოვნა.

მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება ეს პროფესიები, შემდეგ შესაბამისი წარმომადგენლები უნდა შეირჩეს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, რომლებიც მუშაობისთვის საჭირო მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პროფესიონალი მოქალაქეების გაცვლა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოების ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

ვადები განსაზღვრული არ არის. თუმცა ჩვენი სურვილია და მონდომებაც, რომ ეს პროცედურები და დეტალები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაზუსტოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მახარობლიშვილის განცხადებით, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნებთანაც აქვთ. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მზაობა ბულგარეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს.

ევროკავშირის და ევროპის მეტნაკლებად ყველა სახელმწიფოსთან გვაქვს ამგვარი შეთავაზება და კონსულტაციები. ბულგარეთთან პოლიტიკური კონსულტაციები გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ბულგარეთმა დაადასტურა მზაობა, რომ მსგავს შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დავიწყოთ. გერმანიისგანაც მზაობაა. მერკელის ვიზიტის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანიასთანაც მსგავსი ხელშეკრულების დაწყების კონტექსტშიც აქტიურ ფაზაში შევალთ“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.