უცხოეთი
აშშ-ში დონალდ ტრამპის ფონდმა საქმიანობა შეაჩერა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ფონდმა საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან. როგორც ცნობილია, ფონდის საქმიანობის შეჩერების მიზეზი ნიუ-იორკის სასამართლოში არსებული სარჩელია.

2018 წლის ივნისში ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფონდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პროკურორი ორგანიზაციას არაკანონიერ პოლიტიკურ საქმიანობაში ადანაშაულებდა, რომელიც პროკურორის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ იყო მიმართული. სარჩელის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქველმოქმედო ფონდის აქტივებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

დონალდ ტრამპთან ერთად ფონდის აქტივების არამიზნობრივად ხარჯვაში პროკურორი ქვეყნის პირველი პირის სამ უფროს შვილსაც ადანაშაულებს. მათ შორის არის დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი და მისი მრჩეველი ივანკა ტრამპი.

დონალდ ტრამპსა და მის უფროს შვილებს ფონდის დახურვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

1tv.ge