საზოგადოება
პაატა ბურჭულაძის გამოსვლას კონცერტზე, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა, პოლიტიკოსები აფასებენ

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს არ შეცვლილა. იგი, რასაკვირველია, იყო ყოველთვის რუსული ნომენკლატურა, თუმცა ვთქვათ კულტურის სფეროში, კიდევ სხვა სფეროში, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ნაწილი რუსული კულტურის. კულტურაში, რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა საპარალმენტო უმრავლეობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

"ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ძალიან ვწუხვარ და, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია - პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ.

არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ის მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან კიდევ უფრო მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. ბურჭულაძე იყო პოლიტიკოსი. ის არის რაღაც მხრივ ერთ-ერთი სახე საქართველოსი, მათ შორის ამ კულტურის სფეროში. ამიტომ მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

საქველმოქმედო ფონდ იავნანასა და პოლიტიკური პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძე 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში იმღერა დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.