აქტუალური
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცს სცემეს – თავდაცვის სამინისტრომ საქმე აღძრა

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ჯარისკაცის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეკრუტ დავით ბერიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დავით ბერიშვილი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ირწმუნება, რომ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ სასტიკად სცემა. ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო მოსამსახურეს ტვინის შერყევა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.

დავით ბერიშვილის მიერ გახმოვანებული ფაქტებისა და გარემოებების დეტალური შესწავლის მიზნით ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ბრალეულობა დადასტურდება და დადგინდება, ჩვენ ადეკვატური და კანონშესაბამისი რეაგირება გვექნება", – განაცხადა სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა.

რა იყო ინციდენტის მიზეზი, ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბერიშვილი დისციპლინის დარღვევის გამო დაითხოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფას სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას, ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამხედრო პირს ერთი წლით შეეზღუდება სამსახურებრივი უფლებამოსილება.