აქტუალური
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ხსენებული ორგანიზაციის მეგობართა ჯგუფში შედიოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ქვეყანა განსაკუთრებულად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირების სფეროში, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.

მათ შორის, გამოითქვა მზაობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვა.

SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებას.