"საქსტასის" ცნობით, 2011 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 52 პროცენტით გაიზარდა და 584.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, რეგისტრირებული ექსპორტი 147.8 მილიონი დოლარი იყო, რეგისტრირებული იმპორტი კი - 436.2 მილიონი დოლარი.
წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2011 წლის იანვარში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 62 პროცენტით გაიზარდა და 154.6 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 31.1 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 123.5 მილიონი დოლარი.2011 წლის იანვრის მდგომარეობით, საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი (96.3 მილიონი დოლარი, საქართველოს საგარეო საქონელბრუნვის 16.5 პროცენტი), უკრაინა (60.3 მილიონი დოლარი, 10.3 პროცენტი) და აზერბაიჯანი (50.6 მილიონი დოლარი, 8.7 პროცენტი). საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მიხედვით კი, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენდნენ: თურქეთი (21.2 მილიონი დოლარი, მთლიანი ექსპორტის 14.4 პროცენტი), აზერბაიჯანი (19.3 მილიონი დოლარი, 13.1 პროცენტი), ხოლო ამავე პერიოდში, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი (75.1 მილიონი დოლარი, მთლიანი იმპორტის 17.2 პროცენტი) და უკრაინა (50.7 მილიონი დოლარი, 11.6 პროცენტი).