პუბლიკაციები
საქინფორმი: საქართველოში შეიქმნება ძალის მესამე ცენტრი, რომელსაც აშშ დაუჭერს მხარს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები გასულ კვირას ყველაზე ხშირად სვამდნენ.

- რატომ მივიდა „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე რუსთაველის გამზირზე სულ 2 ათასამდე კაცი მაშინ, როცა მან არჩევნების მეორე ტურში 800 ათასამდე ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო დაახლოებით 1 მილიონ 150 ათასი ხმით გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ არ ჩაატარა მიტინგი და პირველი ტურის წინ მხოლოდ თბილისის სპორტის სასახლეში შეიკრიბა?

საქინფორმი: “ადამიანები იმდენად დაიღალნენ მატყუარა პოლიტიკოსებისაგან, რომ დღეს საქართველოში ვერც ერთი პარტია, მმართველი და ყოფილი მმართველი პარტიების ჩათვლით, მიტინგზე მომხრეთა კრიტიკულ რაოდენობას ვერ შეკრებს, ამიტომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ გაუმართლა, რომ ისეთი არაპოპულარული ოპოზიცია ჰყავს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, და პირიქით - „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაუმართლა სრულიად ლოიალურ „ქართულ ოცნებასთან“, რომელშიც ბევრი პორტირებული „ნაციონალია“.

ჩვემი ინფორმაციით, აშშ-ში უკვე ფიქრობენ ზემოთ ხსენებული ორი პარტიის ალტერნატივაზე, რომელთა რესურსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთთან დაპირისპირებაზე იხარჯება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მოსახლეობის უკმაყოფილება კი კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკურად საკვანძო ქვეყანაში დესტაბილიზაციით და ანტიამერიკული განწყობების აფეთქებით იმუქრება, რაც სულაც არ შედის აშშ-ის ინტერესებში. ამიტომ აშშ, ამ საქმეში რუსეთმა რომ არ დაასწროს, სულ მალე დაიწყებს ყველა მის ხელთ არსებული რესურსით საქართველოში მესამე ძალის ცენტრის შექმნის მხარდაჭერას, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს, პირველი გახდეს.

ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მესამე ძალის ცენტრის ლიდერების როლზე? კრიტერიუმი ერთია - პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები, რომლებიც კორუფციაში და კრიმინალში გარეული არ არიან, რომლებსაც თუნდაც დაუშვიათ შეცდომები, მაგრამ კანონი არ დაურღვევიათ და მომავალში არავითარ შემთხვევაში არ გასცემენ ნებისმიერი მოქალაქის დამცირების, უდანაშაულოდ დაპატიმრების, წამების ან მოკვლის ბრძანებას მისი პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური კუთვნილების მიუხედავად, ან მისი ქონების კონფისკაციის ბრძანებას. მაგალითად, ასეთია თბილისის ამჟამინდელი მერი კახი კალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია.