სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მომავალშიც დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს - თეა წულუკიანი

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც დაგვეხმარება, რომ იზეიმოს სიმართლემ. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც ქართული სოფლები დაიცალა, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი, ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და არაერთი მათგანი მოკლეს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზეჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.