სამართალი
ზვიად გამსახურდიას შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ. ისინი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საქმის ხანდაზმულობის გაზრდასა და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენელს მხოლოდ კამერების თანდასწრებით შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ უწყება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, გამსახურდიები სამშაბათიდან აქციებს აანონსებენ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან, ასევე საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, თავდაპირველად გამოთქმული თანხმობის მიუხედავად, ისინი შეხვედრაზე აღარ გამოცხადდნენ.

პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა.

2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმული გახდება. იმ შემთხვევაში, თუ პასუხისგებაში არავინ მიეცემა, გამოძიება შეწყდება და საქმეც დაიხურება.

ზვიად გამსახურდიას შვილები აცხადებენ, რომ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს სპეცრაზმ „ალფას“ მაღალჩინოსანს, რომლის ბრალეულობაც, მათივე თქმით, გამოკვეთილია და რომელიც პროკურატურამ ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოჰკითხა.