რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თუ ივანიშვილი ვიგინდარებს თავიდან არ მოიშორებს და საკუთარ გუნდს არ შექმნის, ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებას ვერ შეძლებს!

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები გასული კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად სვამდნენ.

- შეასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავის ბოლო პირობას - რომ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოში ვითარებას მოაგვარებს - რასაც ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაჰპირდა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძესთან კინაღამ წააგო?

შეკითხვას საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს:      

   „მილიარდერი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი თავს გამორჩეულ მენეჯერად სამართლიანად მიიჩნევს და არა ფინანსისტად და ბიზნესმენად, ამიტომაც გასცა ასეთი დაპირება, ხელმძღვანელის უნარ-ჩვევების იმედად. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ თუ ის საკუთარ პოლიტიკურ გუნდს არ შექმნის, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობას - რომ სახელმწიფოში საშინაო პოლიტიკას მოაწესრიგებს - ვერ შეასრულებს. მენეჯმენტი ხომ, ხელმძღვანელის გარდა, კომპეტენტური შემსრულებლების არსებობას გულისხმობს, როგორებადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობას ნამდვილად ვერ მივიჩნევთ.

     მისი დამფუძნებელი და ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი - თავისი მილიარდების მიუხედავად, ვითარებას მარტო ვერ შეცვლის, მითუმეტეს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის კარგად სტრუქტურირებული და მოტივირებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უპირისპირდება, რომელმაც დიქტატორული რეჟიმის 9 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღო. თანაც „ქართულ ოცნებას“ დიდი ფინანსური უპირატესობა არც აქვს - მხოლოდ აშშ-ის 5 მილიარდი დოლარის და ევროკავშირის 8 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებიდან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ზუსტად ნახევარი ჩაიჯიბეს, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში დასავლური გრანტების ფართო ნაკადს, რაც კიდევ ერთ ამდენს შეადგენს!

     უბრალო ხალხიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი მიუწვდომელია არა მარტო უბრალო ადამიანებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც კი, რომელთა უპრეცედენტო და უანგარო მხარდაჭერის წყალობით მისმა პარტიამ ამ 6 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მოიგო, მაგრამ რომელთა შესახებ ყოველი არჩევნების მერე ივიწყებდნენ. მოტყუებულნი, ისინი „ქართულ ოცნებას“ მხარს აღარ დაუჭერენ. ხოლო ქართველ საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტის მქონე პროფესიონალთა პოლიტიკური გუნდის გარეშე, რომელიც ქართულ სახელმწიფო, მათ შორის - საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებს, ივანიშვილის მიერ ძეგლების, ეკლესიების და კულტურული ობიექტების აღდგენაზე, უცნობი კრიტერიუმებით შერჩეული მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიის დახმარებაზე და საბანკო დავალიანების დაფარვაზე საკუთარი ჯიბიდან დახარჯული მილიარდები ქარს გატანებული აღმოჩნდება.

     როგორც ჩანს ასეც მოხდება, რადგან მატყუარა არაკომპეტენტური მრჩევლები, რომლებსაც ივანიშვილი მჭიდრო ალყაში ჰყავთ მოქცეული და რომლებსაც საზოგადოება იცნობს, როგორც მლიქვნელებს, გაიძვერებს და ვიგინდარებს, არ დაუშვებენ მასთან ობიექტური ინფორმაციის თუნდაც პატარა ჭავლის შეღწევას, რომელიც მათ ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის.

     დასანანია, რომ ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი მდარე ადამიანების შეთქმულების გამო მოუთხოვნადი დარჩება ორი-სამი მართლაც ნიჭიერი და პერსპექტიული მინისტრისა და პარლამენტარის პოტენციალი, როგორც ეს საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა“.