აქტუალური
ფულადი გზავნილები: რომელი ქვეყნებიდან იგზავნება ყველაზე მეტი თანხა საქართველოში

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი ლიდერობს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით - 2018 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადმორიცხეს დაახლოებით 37,8 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

საერთო ჯამში, 2018 წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 9%-ით გაიზარდა და 133,1 მლნ დოლარს გაუტოლდა.

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან ნოემბერში დაახლოებით 28,4% იყო.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 14,9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 0,8%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-ნოემბერში დაახლოებით 414 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის ნოემბერში გადარიცხულია 19,7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. მთლიანობაში 2018 წლის 11 თვეში დაახლოებით 208 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით მეტია.